როგორც ცნობილი ხდება, სირიელმა ოპოზიციონერებმა ყაზახეთში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეაჩერეს. ამის მიზეზად კი ბაშარ ასადის მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას ასახელებენ. 12 ოპოზიციური დაჯგუფების ინფორმაციით, ასადის შეიარაღებული ძალები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ.
სირიის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სახელისუფლებო არმიამ ირანელ მოკავშირეებთან ერთად ცეცხლის შეწვეტის რეჟიმი დამასკოსთან ახლოს, ჰამას და დერაას პროვინციებში არაერთხელ დაარღვიეს.
თუმცა ასადის რეჟიმის განცხადებით, სირიის არმია შეტევას მხოლოდ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსა” და “ფათაჰ აშ-შამის ფრონტის” პოზიციებზე ახორცილებს, რომლებზეც სამშვიდობო შეთანხმება არ ვრცელდება.
როგორც მოსალოდნელია, ასტანაში სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, ამ თვეში დაიწყოს. თუმცა, ოპოზიციის განცხადების პარალელურად, მოლაპარაკების ჩაშლასაც არ გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ შედგენილი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. დოკუმენტი სირიაში ცეცხლის შეწყვეტასა და მთავრობასა და ოპოზიციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კი 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა.