ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი იუბილარია

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს- პატრიარქს დღეს 84 წელი შეუსრულდა.

პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა- კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. -ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

დღეისთვის სულ 47 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 48 მღვდელმთავარი, მათგან 3 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს- პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

“უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი.
ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.”- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.

იტვირთბა....