ე.წ.ბორბლებზე მდგომი სავაჭრო ობიექტების მფლობელები დედაქალაქში პარკირების ადგილებზე, ვაჭრობას ვეღარ განახორციელებენ, – ამის შესახებ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გუშინ საკრებულოს მიერ სხდომაზე პარკირების წესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გარკვეული შეზღუდვა პარკირების ადგილებზე მყოფ ე.წ.ბორბლებზე მდგომ სავაჭრო ობიექტების მფლობელებსაც შეეხებათ.
როგორც მან განაცხადა, ბოლო პერიოდში პარკირების ადგილებზე მომრავლდა ე.წ.ბორბლებზე მდგომი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ქუჩების იერსახეს აზიანებენ.
„ამ ობიექტების სხვაგან განსათავსებლად არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები. კერძოდ, მათ შეუძლიათ იჯარით აიღონ სხვადასხვა მუნიციპალური ტერიტორიები და ამის შემდეგ განახორციელონ თავისი ეკონომიკური საქმიანობა. ასეთი ტიპის ობიექტები ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არანაირ გადასახადს ამ მიმართულებით არ იხდიან. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება საჭიროებს მოწესრიგებას და პარკირების წესში ცვლილებაც ამ მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.