ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ სირიასთან დაკავშირებით უმცირესობის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის განცხადების პროექტი სახელწოდებით, „ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად წარადგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პარლამენტის განცხადების პროექტს ბიუროს სხდომაზე კამათის მოჰყვა.

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დაინტერესდა, ევროპის რომელიმე ქვეყნის პარლამენტს მსგავსი შინაარსის რეზოლუცია ან განცხადება აქვს თუ არა მიღებული, რაზეც უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განმარტა, რომ სირიის კრიზისთან დაკავშირებით ყველა წამყვანმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას პროვოკაციული უწოდა. მისი თქმით, მსგავსი შინაარსის ტექსტის მიღება რუსეთის „წისქვილზე ასხამს წყალს“ და ხელ-ფეხს უხსნის მას განახორციელოს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.  ინაშვილმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული პროექტის შეთავაზებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დირექტივა რუსეთის სპეცსამსახურებიდან ჰქონდეს მიღებული.

კენჭისყრის შედეგად, პარლამენტის ბიურომ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირა.

იტვირთბა....