Ту-154-ის ნამსხვრევების ნაწილი შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში აღმოჩნდეს, აფხაზეთის მთავრობა მზად არის რუსეთს დახმარება გაუწიოს, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა.
კვირას ის დაუკავშირდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას და პრემიერ-მინისტრ ბესლან ბარციცს.
„ჩვენი აფხაზი კოლეგები მზად არიან ჩართონ თავიანთი ძალები და საშუალებები საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ურთიერთქმედებისთვის“, – აღნიშნა მაქსიმ სოკოლოვმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა გუშინ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა. სამხედროების გარდა თვითმფრინავში იყვნენ ცეკვის და სიმღერის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.