„ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იანვრიდან სამუშაო ჯგუფის ფორმატში აქტიური მუშაობა დაიწყება“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დაწყებულია კვლევითი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნის მოდელებისა და გამოცდილების გაცნობის მიზნით.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატში შესაძლებელი იქნება ვესაუბროთ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროფესიულ წრეებს. გაიმართება ფართო დისკუსია, ჩვენ მოვძებნით საუკეთესო ბალანსს, რომ ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული და ამავე დროს, მოსახლეობის უსაფრთხოების წინაპირობები იყოს გარანტირებული. ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ. ყველა წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და პრიორიტეტს ანიჭებს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას. როცა საქმე ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება, გარკვეულწილად ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებები იზღუდება და ხდება ამ სივრცეში სახელმწიფოს ჩარევა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა სწორედ ოქროს შუალედის და ბალანსის მონახვა. ჩვენ დავიცავთ მოდელს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყოს გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, მაგრამ ამავე დროს, იყოს უსაფრთხოების დაცვის ეფექტური მექანიზმი“, – განაცხადა ბესელიამ.