ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როდემდე ვიყოთ ბარიკადებზე“:  უნდა დასრულდეს “მიშას და ბიძოს ბანაკებად” დაყოფა

„იმდენი გამოხმაურება მოყვა დათო ბაქრაძის ინტერვიუს, მეც ვალდებულად ვთვლი თავს, აზრი გამოვთქვა“,- ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვინძლო ამ აზრის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა დამბლოკოს და მოეშვას საკუთარი თუ ჩემი დროის ფლანგვას: როცა არ გვესმის ერთმანეთის – ტაიმაუტი (მინიმუმ) ან დაბლოკვა (მაქსიმუმ) და მისი ჯანი 🙂

დათომ მიშას გაუწოდა ხელი ცივილიზებული ურთიერთობებისაკენ მოსაბრუნებლად. თან ინტერვიუშივე დააფიქსირა, რა ორგანიზაციული თუ პოლიტიკური აზრთა სხვაობა გაჩნდა მიშას უპირობო მომხრეებსა და “გამიჯნულებს” თუ “ახირებულებს” შორის. ეს იყო დროული, აუცილებელი.

მაგრამ ინტერვიუში ჩემთვის უფრო საინტერესო, სიღრმისეული ფენაცაა – შეიძლება, არასაკმარისად არტიკულირებული. ამ განხეთქილებას უფრო ღრმა მიზეზები აქვს. სალაპარაკო მათზეა. სხვაგვარად ეგებ გაუგებარი რჩება თუ რას გადავეკიდეთ ერთმანეთს არჩევების მეორე ტურებზე, ყრილობის დელეგატთა რაოდენობაზე, სამდივნოს და საორგანიზაციო კომიტეტის ფუნქციებზე და ა.შ. მე ბაქრაძის ინტერვიუში ამ მიზეზებზე რეაგირების სურვილიც დავინახე და სათქმელის ჩემეული ვერსია მინდა გამოვხატო:

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, ჩვენი შვილებისათვის, პოლიტიკური მდევნელების და დევნილების არსებობის შეწყვეტისათვის, თუ როგორც გენებოთ, დღეს საჭიროა მშვიდი, გაწონასწორებული პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებენ, თავისი მომხრეები მეორე მხარესთან თუ მხარეებთან კონტაქტზე წაიყვანონ, თანხმობა ეძებონ არა მარტო პარტიის შიგნით, არამედ ეროვნული მასშტაბით. ვფიქრობ, მომწიფდა დრო, საზოგადოებაში დასრულდეს “ზვიადის და ედიკას” თუ “მიშას და ბიძოს ბანაკებად” დაყოფა. 25 წელია, ეს უბედურება ხდება და ვისაც გონია, რომ ამის უკან მარტო ღალატი თუ რუსეთია და მეტი არაფერი, ცდება. ესაა ჩვენი საზოგადოების მტრული, ურთიერთშუღლით გაჯერებული ბუნება, რომელსაც რუსი იყენებს, ახალისებს, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაა – შინაგანი, ქართული. მიშა დღეს კვლავ კონფრონტაციულობას განასახიერებს, უნდა ეს თუ არა. მას აქვს აბსოლუტურად გასაგები წყენა და ამბიცია, რომ რევანში აიღოს ბიძინაზე. მე კი ვთვლი – ამ რევანშიზმითა და კონტრრევანშიზმით დავღუპავთ ქვეყანას.

გასაგებია, რომ ჩვენთვის (“გამიჯნულებიანად”), მიშა და 9 წელი სახელმწიფოს აღდგენის და განვითარების სიმბოლოდ დარჩება, სხვებისთვის კი – გირგვლიანის ტრაგედიის შემოქმედად. ბიძინა მუდმივად იქნება ასოცირებული ან სახელმწიფოს ხელახალ დასუსტებასთან, ან გირგვლიანის ტრაგედიაში პირდაპირ თუ ირიბად გარეულებზე, პოლიტიკურად პასუხისმგებლებზე შურისძიებასთან. და რა ვქნათ? როდემდე ვიყოთ ბარიკადებზე? სანამ ერთი მხარე მეორეს არ გაანადგურებს? გადავულოცოთ ეს დაპირისპირება შვილებს, როგორც მთაში იცოდნენ?

აი, ამაშია საქმე. დავა იმაზე, ყრილობაზე რამდენი და როგორი დელეგატი ჯობია, ან რა ვუყოთ თავმჯდომარის ვაკანტურ სკამს, პრობლემის ირიბი თუ პირდაპირი გამოვლინებაა და არა თავად პრობლემა.

მე მგონია, რომ ბაქრაძის ინტერვიუ ეხმარება შიდა დაპირისპირებების მოხსნასა და საერთოეროვნული ხიდების ძებნას. ოღონდ იგი ამას მარტო ვერ შეძლებს, არც ერთი ინტერვიუთი და არც პიროვნული მოღვაწეობით. იგი ამ დამღუპველი ქართული ვენდეტას დასრულებაში მხარდაჭერას საჭიროებს – უპირველესად, მიშასგან. მე, ჯერჯერობით, ამ მხარდაჭერას ვერ ვხედავ.

დავუბრუნდეთ ენმ-ს. როგორი იქნება იგი ხვალ: კლიშეებისაგან თავისუფალი, რაც გამორიცხულია წარსულზე საუბრის, ოპონეტების მოსმენის გარეშე, თუ საბრძოლო რაზმი, რომლის ენერგია შინაომში გაიფლანგება? – ესაა, ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი გასარკვევად, შეძლებს თუ არა ენმ ქვეყნის განახლებაში პოზიტიური წვლილის შეტანას. ბაქრაძე ჩემთვის გახსნილობის გამომხატველია, მიუხედავად იმისა, ზედმიწევნით გადმოსცა მან ინტერვიუში პოლიტსაბჭოზე და სამდივნოზე განვითარებული მოვლენები, თუ რაიმე საბაბი მისცა აკოს, ბოცოს და სხვებს, იძახონ – არა, საქმე მასე არ ყოფილაო. ინტერპრეტაციებს რა გამოლევს. ხოდა, რა უნდათ დღეს მიშას უპირობო მომხრეებს? ესმით ასე მათ ისტორული მომენტი თუ არ ესმით? ჩემთვის პასუხი ბოლომდე ნათელი არაა. ვიცი მხოლოდ, რომ მათი დღევანდელი ნაბიჯები ხელშემწყობია ვითარებისა “ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”.

ვიყავით ჩვენ, “გამიჯნულები” თუ “ახირებულები,” არანაკლებ კონფრონტაციულნი ამა თუ იმ შემთხვევაში; დავაკელით სინათლე საკუთარი პოზიციების ფორმულირებას? არ ვიცი. ალბათ. ეს მეორე მხარის შესაფასებელია. ბაქრაძის ინტერვიუ ამის დასრულებისაკენ მოწოდება იყო. 2003 წელს დღის წესრიგში კანონიერი ქურდების და მასობრივი კორუფციის დამარცხება იდგა. ეს ენმ-სგან ომს მოითხოვდა და შესაბამის, შავ-თეთრ ხედვებსა თუ დისციპლინას. ომი კი ვის გაუგია დანაშაულებების გარეშე?! დღეს მაინც, მშვიდობის, განსხვავებულთა თანაარსებობის დროა.

ვისაც ამ სიტყვებში რაიმე ისე არ ესმის, როგორც მე მინდოდა გადმომეცა, ეს ან მათი ბრალია, ან ჩემი – ვერ გადმოვეცი. ამიტომ, აგერაა გრებენშჩიკოვის ცნობილი სიმღერა, სულ სხვა ვითარებაზე და ვითარებაში დაწერილი. მაგრამ მგონია, 90-იანების ეს ჰიტი ჩვენს მდგომარეობას და ჩემს განწყობებსაც შეესაბამება.” – წერს დავით დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას ამიტომ არ დააყენებს.

დათო ბაქრაძის ინტერვიუში გაჟღერებულ განცხადებებს ენმ-ს წევრთა ნაწილმა სიცრუე უწოდა.

ენმ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ. პარტიაში ამან განხეთქილება გამოიწვია, რადგან ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი ლიდერია, მაგრამ თავმჯდომარის პოსტი საქართველოში მყოფმა წევრმა უნდა დაიკავოს.

იტვირთბა....