შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქსიანს და პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის შს სამინისტროებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკვე გააფორმეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველი და სომეხი პოლიციელების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმირ გასპარიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.