ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყვარლის ბაღების გაერთიანების ყოფილმა დირექტორმა შეშისთვის გამოყოფილი თანხა მიითვისა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის პერიოდში, ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოყო საბიუჯეტო თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა მუნიციპალიტეტში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას. ბრალდებულებმა, თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნაცვლად, ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 12 762 ლარი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....