ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს. მიზეზი პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში დეპუტატთა კვოტირებაა. პარტიას დელეგაციების დაკომპლექტების პრინციპთან დაკავშირებთ აქვთ პრეტენზიები.
ირმა ინაშვილის განაცხადებით, ისინი არ არიან წარდგენილი ევროპულ დელეგაციებში, მათ შორის ეუთოში. შეთავაზებული მუდმივმოქმედი დელეგაციებიდან კი მათთვის არც ერთია მისაღები. პარტია ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც გადაწყვეტენ ბოიკოტირების საკითხს.
„საერთაშორისო დელეგაციაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი და რჩება მხოლოდ ორი პარტია. ორი შეხმატკბილებული პარტია. თუ არ გვექნება საშუალება ამ დელეგაციებში ვიყოთ სრულფასოვნად წარმოდგენილები არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას და ჩვენ ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღეს. როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ისინი მაქსიმალურდ ეცდებიან ოპოზიციის მოსაზრებები გაითვალისწინონ.
„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის სრული დაცვით. გარკვეული დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ჩვენგან „პატრიოტთა ალიანსი“. „პატრიოტთა ალიანსს“ იმ კვოტის ფარგლებში რაც არის დადგენილი რეგლამენტით და გამომდინარეობს კანონიდან ეკუთვნის ოთხი ადგილი. პირველ ეტაპზე მათ თანხმობა განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით შეცვალეს პოზიცია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ ოპოზიციის მოსაზრებები,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.