საჯარო სკოლის მოსწავლისა და მასწავლებლის დისციპლინური დევნის წესში ცვლილების განხორციელება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი პარლამენტის განათლების კომიტეტია.
როგორც EDU.ARIS.GE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუმარტა, ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შეახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტში.
,,კანონში დღეს არსებული ჩანაწერით იკრძალებოდა მასწავლებლის, ან მოსწავლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მოხდა სასწავლო პროცესისგან, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ. თუმცა, იქვე იყო ჩანაწერი – გარდა სკოლის მიერ დასაბუთებული ინტერესისა, რომელიც იძლეოდა განუსაზღვრელად დიდი სუბიექტივიზმის, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და სუბიექტივიზმის მნიშვნელოვან სივრცეს ტოვებდა. ამ ჩანაწერის ჩასწორებას ვგეგმვათ, იმედია მხარს დაგვიჭერენ კომიტეტის წევრები და შემდგომ კოლეგები პარლამენტში, რომ გამოირიცხოს ეს სუბიექტივიზმის მომენტი და მკაცრადაც განისაზღვროს. სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის დისციპლინარულ სასჯელს არ დაექვემდებარება არც მოსწავლის და არც მასწავლებლის ქმედება,“- განაცხდა მარიამ ჯაშმა.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის, ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი. აღნიშნული ჩანაწერი არის სკოლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება, იქედან გამომდინარე, რომ სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ მას ამის ვალდებულება არ გააჩნია.
შესაბამისად, დისციპლინური დევნის განხორციელება მოსწავლის ან მასწავლებლის მიმართ დაუშვებელია დასაბუთებული ინტერესის შემთხვევაშიც კი, მაშინ როდესაც რთული განსასაზღვრია ინტერესის დასაბუთების შესაძლებლობა. ამ გამონაკლისის არსებობა, არ უნდა აძლევდეს სკოლას იმის შესაძლებლობას, რომ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს და სკოლის გარეთ მოსწავლის ქმედებები გახდეს მისდამი დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი“,– ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
წყარო: edu.aris.ge