„პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი კიდევ ერთი მაგალიათია იმ დაუსრულებელი უსამართლობის, რასაც მუდმივად აწყდებიან დასაქმებული ადამიანები“- ამის შესახებ თბილისის სოლიდარობის ქსელის განცხადებაშია ნათქვამი:
„იგი უკანონად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. ნიკა ჩერქეზიშვილი, რომელსაც საკუთარი სპეციალობით მუშაობის თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად და უსაფუძვლოდ იქნა გაშვებული სამსახურიდან.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ მან გამოიყენა ფაქტობრივად ყველა სამართლებრივი გზა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი, იგი იძულებული გახდა კანცელარიის წინ საჯაროდ გააპროტესტოს არსებული უსამართლობა.“ – განმარტავს თბილისის სოლიდარობის ქსელი.
„მეტრონომი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე – სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს შეხვედრა გამართოს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის 1 მაისიდან, 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად, მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე. ასე მოხდა ბ-ნ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შემთხვევაშიც, მისი განთავისუფლება მოხდა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით. მოგეხსენებათ, რომ ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თანამშრომელი. ბატონი ნიკას სამსახურში აყვანა, ისევე როგორც მისი შემდგომი გათავისუფლება, მოხდა კანონის სრული დაცვით.
ჩვენ მოვუწოდებთ მას შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა და გამოვთქვამთ მასთან შეხვედრის გამართვის მზადყოფნას.“-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უწყება მას ნამდვილად დაუკავშირდა:
„მეგობრებო, დღეს შევხვდი სახელმწიფო კანცელარიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. დამპირდნენ, რომ ხვალისთვის მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს, კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება არ მზადდება. მადლობელი ვარ, თქვენი მხრიდან ჩემს სასიკეთოდ გადადგული თითოეული ნაბიჯისთვის, სასიკეთოდ თქმული თუ დაწერილი თითოეული სიტყვისთვის. რთულია კიდევ ერთი ღამის ღია ცის ქვეშ გათევა. შესაძლოა ურთულესიც, მაგრამ არა შეუძლებელი. ყველა სიკეთე…“ – წერს ჩერქეზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ჩერქეზიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო სახელმწიფო კანელარიის წინ პროტესტის ნიშნად გავიდა:
„ვიცი, რომ ახლა საშინლად ყინავს ქუჩაში, მინუს ტემპერატურაა და ჩემი სუსტი ჯანმრთელობით, ალბათ, მაქსიმუმ ოთხ-ხუთ დღეს გავძლებ იქ, მაგრამ ასეთი ოთხი-ხუთი დღის სიცოცხლეც კი მირჩევნია სიბერემდე მუხლებსა და უკანალზე გამობერილი ბამბის შარვლით ოთახიდან ოთახში სიარულს.
!!!!!!! – ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, ყოველმხრივ! ისეთი, რომ იქ, სადმე დაგდებულ კენჭსაც კი არ მივარტყამ ფეხს. ასევე, მინდა ვთხოვო ყველა იქ მომსვლელს, რომ გაიზიაროს ჩემი დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს არის ჩემი პასუხი შესაძლო პროვოკაციებზე.“ – წერდა ჩერქეზიშვილი.