პრემიერი კვირიკაშვილი Die Zei-სთან ინტერვიუში რუსეთზე და მისი მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს
გერმანული გამოცემა Die Zei საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ელის ბოტა: ბატონო გიორგი, საქართველო ორიენტირებულია დასავლეთზე, მაგრამ ევროკავშირი დასუსტებულია, ხოლო ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. იწვევს თუ არა ეს თქვენში შეშფოთებას?
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა კონგრესსა და სენატში, ორივე მათგანი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენთვის გადამწყვეტი. გამომდინარე აქედან, არ ველით რაიმე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცვლილებებს რეგიონში ამერიკის როლთან დაკავშირებით.
ელის ბოტა: არ შიშობთ, რომ თქვენი ნატოში გაწევრიანების სურვილი, წარუმატებელი შეიძლება აღმოჩნდეს?
გიორგი კვირიკაშვილი: სულაც არა. ჩვენ არსებით მხარდაჭერას ვუწევთ ნატოს. ჩვენი გადაწყვეტილება შეუქცევადია. ჩვენ გვსურს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანებას. მართალია, გვაქვს გარკვეული შეფერხებები, მაგალითად, როგორც ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაც, რასაკვირველია, გულდასაწყვეტია… მაგრამ, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრები ბრიუსელში ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ პროცესების დასაჩქარებლად.
ელის ბოტა: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გაჭიანურება, ასევე, გერმანიის პოლიტიკამაც განაპირობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებში შეიქმნა საქართველოს სურათი, როგორც ქურდებისა და თაღლითების ქვეყანისა.
გიორგი კვირიკაშვილი: ასეთი სახის გაშუქება, რასაკვირველია, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. ფაქტები იყო არასწორად წარმოდგენილი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები დაუსაბუთებელი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ გაშუქებამ გარკვეული წარმოდგენები შექმნა. პოლიტიკაში კი ასეთ წარმოდგენებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივავლინეთ პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში ბერლინში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დღეს ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა დონეზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში და ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი დიდი სურვილია გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ასეთი სახის წარმოდგენებზე.
ელის ბოტა: ქართული ჯარის ნაწილები მსახურობენ ავღანეთში და მონაწილეობენ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. თქვენ შეასრულეთ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, თუმცა დღესაც ელოდებით ვიზების ლიბერალიზაციას. პასუხობს თუ არა თქვენს ერთგულებას დასავლეთი იმავე დამოკიდებულებით?
გიორგი კვირიკაშვილი: რეფორმები ემსახურება არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მიზანს, არამედ საქართველოს ახალ სახელმწიფოდ გარდაქმნის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზანსაც. ეს პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მიზანი.
ელის ბოტა: როგორ უნდა გამოიწვიოს თქვენმა თანამშრომლობამ ნატოსთან, ცხოვრების დონის ამაღლება საქართველოში?
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს თავდაცვის სტრუქტურას. უსაფრთხოება არის საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ამასთანავე, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის ამბიციების შესაკავებლად.
ელის ბოტა: თქვენი აზრით, რა ამბიციები ამოძრავებს რუსეთს რეგიონში?
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს რთული ისტორია აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან, თუმცა, თავად კონფლიქტის უკან დგას რუსეთის უზარმაზარი გავლენა. ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, თუ როგორ გაფორმდა სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის…
ელის ბოტა: … საქართველოს რეგიონები, რომლებიც 2008 წლიდან მოყოლებული ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელთა დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აღიარა, რუსეთის ჩათვლით.
გიორგი კვირიკაშვილი: ხორციელდება ამ რეგიონების მზარდი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო სისტემებში.
ელის ბოტა: თქვენ გულისხმობთ შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაფორმდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის.
გიორგი კვირიკაშვილი: არა მხოლოდ მას! რუსეთის მცდელობები ამ ორი რეგიონის შემოერთებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანია და მოიცავს ბევრ პროვოკაციას. მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას და ვერიდებით მტრულ და აგრესიულ რიტორიკას, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავდროულად, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ.
ელის ბოტა: სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებების ერთი–ერთი მიზეზი შესაძლოა შემდეგი იყოს: ტერიტორიული მთლიანობის გარეშე საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი. უკეთესი ხომ არ იქნებოდა უბრალოდ უარი გეთქვათ ნატოს წევრობაზე?
გიორგი კვირიკაშვილი: ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მდგომარეობს ნდობის ხარისხის ამაღლებაში ერთის მხრივ ქართველებს, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი ამასთან არაფერი აქვს საერთო. ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის.
ელის ბოტა: არამედ?
გიორგი კვირიკაშვილი: აქ საუბარია ღირებულებებზე! დემოკრატიულ ინსტიტუტებზე! აქ საუბარია ამა თუ იმ ბანაკის წევრობაზე. საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ჩვენ გვინდა ევროპული და ტრანსატლანტიკური ბანაკის წევრობა. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო საკუთარ თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ეს ერთგულება ეფუძნება ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ ახლო ურთიერთობების დამყარებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან: ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ირანთან. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ევროპელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაში.
ელის ბოტა: დავუბრუნდეთ რუსეთს. იქ ფიქრობენ, რომ ნატო ალყაში აქცევს და საფრთხეს უქმნის რუსეთს. რამდენად გასაგებია თქვენთვის რუსების შიში ამ მხრივ? ნუთუ არ არის აუცილებელი ამაზე რეაგირება?
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის ცნობილია რუსეთის შიშები, თუმცა გაუგებარი. საქართველო ნატოს წევრის რანგშიც არ შეუქმნის რუსეთს არავითარ საფრთხეს. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ვაჩვენოთ რუს პოლიტიკოსებს, რომ საქართველო არ არის მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. წელს ერთი მილიონი რუსი ტურისტი გვესტუმრა, თუმცა არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებული. ეს ბევრზე მეტყველებს! ქართველებსა და რუსებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი მტრული განწყობა და ჩვენი სურვილი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ამ მიმართულებით ინტერპრეტირებული. სწორედ ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ ჩვენ რუსი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამას სათანადოდ არ აღიქვამენ.
ელის ბოტა: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ ძალიან აგრესიულ რიტორიკას მიმართავდა. თქვენ კი აქცენტი დეესკალაციაზე გაქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა.
გიორგი კვირიკაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სტრატეგია უშედეგოა. პოლიტიკური თვალსაზრისით, პროგრესი შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ცვლილებები მაინც სახეზეა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის. ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის მნიშვნელოვან დონეს. რასაკვირველია, ეს არ არის ყოვლისმომცველი სტაბილურობა, რადგანაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი კვლავინდებურად ოკუპირებული რჩება. თუმცაღა, მეორეს მხრივ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად არ გვიწევს გვეშინოდეს სამხედრო აგრესიის.
ელის ბოტა: ეს ნიშნავს რომ საქართველო დღეს თავს უსაფრთხოდ გრძნობს?
გიორგი კვირიკაშვილი: როგორ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნო, როცა შენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული? როცა ხდება მოქალაქეთა დაკავება იმ საზღვრების გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც ჩვენ სამართლიანად არ ვაღიარებთ საზღვრებად? ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი სამხედრო ავანტიურები, მაგრამ უსაფრთხოებაზე საუბარი გულუბრყვილობა იქნებოდა. მართალია, ჩვენ გვაქვს საკმარისი სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღესაც რთული რჩება. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია და ეს არის ასევე ის, რაც სურს მოსახლეობას.
ელის ბოტა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს თქვენი მთავრობის დასავლურ კურსს, მაგრამ ასევე მზარდია რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მოთხოვნაც. ქართველ ხალხი მოთმინებას ხომ არ კარგავს?
გიორგი კვირიკაშვილი: ის, რომ ქართველებს სურთ უფრო მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, ასევე მეტი რუსი ტურისტის ჩამოსვლა ქვეყანაში, არ ნიშნავს, რომ ეს გულისხმობს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიის შეცვლის მოთხოვნას! ქართველთა 75% ემხრობა ნატოში ინტეგრაციას, ხოლო 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ელის ბოტა: თურქეთი ათწლეულობის განმავლობაში წარუმატებლად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. არავინ განიხილავს სერიოზულად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
გიორგი კვირიკაშვილი: არავის შეუძლია თქვას, რა მოხდება ხუთ ან ათ წელიწადში. ჩვენ ჩვენი საშინაო დავალებები უნდა შევასრულოთ. ამ ეტაპზე ჩვენი დღის წესრიგი ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს: 1) ჩვენ გვინდა განათლების სისტემის რეფორმირება და საბჭოთა მემკვიდრეობის საბოლოოდ აღმოფხვრა; 2) ჩვენ მიზნად ვისახავთ ყველა დონეზე მმართველობისა და ადმინისტრირების ისეთი სისტემის შექმნას, რომელშიც თავად მოქალაქეები იქნებიან ჩართულნი და რომელიც მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული; 3) უნდა შეიქმნას ბიძგი სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ დაგეგმილი მოგების გადასახადის გაუქმება რეინვესტიციის შემთხვევაში; 4) გვსურს საქართველოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, განსაკუთრებით გზებისა და ავტომაგისტრალების ქსელის განვითარება. ჩვენ გვინდა ქვეყანა ძალიან მოკლე დროში შევცვალოთ. ეს კი შეუძლებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარეშე.
ელის ბოტა: ბრექსიტი, მემარჯვენე მთავრობები, დავა ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკასთან დაკავშირებით – რატომ არის ევროკავშირი თქვენთვის ასეთი მიმზიდველი?
გიორგი კვირიკაშვილი: გთხოვთ, ცოტა უფრო ოპტიმისტური იყავით! იმდენი სასიკეთო რამ ხდება. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდეთ.
ელის ბოტა: რას ხედავთ თქვენ ისეთს, რასაც მე ვერ ვხედავ?
გიორგი კვირიკაშვილი: დაფიქრდით, ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირში განათლების მიღების შესაძლებლობებზე. დაფიქრდით ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით. დაფიქრდით მესამე ქვეყნებზე, რომელთაც არ აქვთ ასეთი შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ, მეორე მხრივ, შეუძლიათ საქართველოში ინვესტირება…
ელის ბოტა: თქვენ ხოტბას ასხამთ თავისუფალ ბაზარს, თუმცა დღესდღეობით, ევროპაში მომძლავრდნენ ძალები, რომლებიც ბაზრებისა და საზღვრების ხელახლა დაკეტვას ითხოვენ.
გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალური ეკონომიკა გაიმარჯვებს. ჩვენს შემთხვევაში, სხვა არჩევანი არც გვაქვს. ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონია. ჩვენ გახსნილები უნდა ვიყოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი უნიკალური მდებარეობის გარდა, ბევრი რამ არ გაგვაჩნია. თუკი ტიპიურ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ მოქნილობას გამოვიჩენთ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იქცეს განსაკუთრებულ ადგილად საერთაშორისო ბიზნესის წარმოებისთვის.
ელის ბოტა: კი, მაგრამ ევროპა…
გიორგი კვირიკაშვილი: ევროპა ბევრ ისეთ სიკეთეს მოიცავს თავის თავში, რომლებიც აღიქმება, როგორც თავისთავადი! ჩვენ კი, ვინც ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს ვესწრაფვით, ხშირად უფრო ვაფასებთ ევროპულ მიღწევებს, ვიდრე რიგითი ევროპელი.
ელის ბოტა: თქვენ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევთ ნეოლიბერალურ ოცნებას, რომელსაც მავანნი დასავლეთის კრიზისის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ.
გიორგი კვირიკაშვილი: მე ამას კრიზისს არ ვუწოდებდი. განწყობები იცვლება და ამჟამინდელი ტრანზიციის მთავარი გამომწვევი მიზეზი ლტოლვილთა ნაკადი იყო. ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ევროპა დღეს დგას. ისიც კარგად გვესმის, რამდენად ღრმად მიდის ამ პრობლემის ფესვები. მაგრამ, ამის გამო, დაუშვებელია, ზოგადად, ევროპის მომავალის ეჭვქვეშ დაყენება! ევროპას ნათელი მომავალი აქვს! იყავით უფრო ოპტიმისტურები!