მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა. განცხადება ამის შესახებ პროკრატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებულა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.
შეგახსენებთ, ოთხი ფოტორეპორტიორი – ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს დააკავეს. ასევე დაკავებული იყო “ასოშეიტედ პრესის” თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.
დაკავებულები ფოტოგრაფები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.