ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფოტოგრაფების საქმეზე: „ყველაფერი დაკავშირებული იყო 26 მაისის ამბებთან“

„არც მაშინ მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები ჯაშუშები იყვნენ და ახლა მით უფრო არ მჯერა, როცა საზოგადოებამ სიმართლე დაინახა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ის ამით პროკურატურის მიერ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გახსნის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ფაქტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ვინაიდან ერთ-ერთ ბრალდებულს იცავდა და „დიდი ხანია ელოდა ამ ფინალურ და მნიშვნელოვან ეტაპს“.

„მართლაც რომ ხანგრძლივი მუშაობის შემდგომ პროკურატურამ ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე გახსნა და გამოავლინა ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში ფოტოგრაფების მიმართ. ერთ-ერთ ფოტოგრაფს, გიორგი აბდალაძეს, რომელსაც მაშინ ვიცავდი, მახსოვს, როგორი დიდი მხარდაჭერა ჰქონდა – ფოტოგრაფებს მაშინ მთლიანად საზოგადოების და მედიის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს იყო ერთადერთი ძალა, რომლითაც ვახერხებდით იმას, რომ გამოსულიყო ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა საპყრობილეში“, – განაცხადა ბესელიამ.

მან ისაუბრა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძეზე განხორციელებულ ზეწოლაზე.  მისი თქმით, უშუალოდ აბდალაძეზე გლდანის მე-8 საპყრობილეში რამდენიმე დღის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

„არც მაშინ მჯეროდა, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ და არც ახლა, მითუფრო საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო 26 მაისის ამბებთან და ეს იყო შურისძიების აქტი, რომლითაც უნდოდათ იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების გადაფარვა და ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ფორმით იერიში მიიტანეს უდანაშაულო ჟურნალისტებზე. მე ძალიან მიხარია, რომ საქმე გაიხსნა და ნათელი მოეფინა იმ დეტალებს, რაზეც ჩვენ მაშინ ვლაპარაკობდით, მაგრამ ძალიან ვიწრო წრეში და არ იყო შესაძლებლობა, რომ სიმართლე დადგენილიყო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

იტვირთბა....