საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეების შეფასებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს ქმნის მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თბილისში ვიზიტისას გაფორმდა.
უწყების ცნობით, შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რისთვისაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.