ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“7 ტყვია ვესროლე”: ვალის გამო მომხდარი მკვლელობის დეტალები პროკურატურიდან

რამდენიმე დღის წინ, სენაკში მკვლელობა მოხდა, სადაც შუახნის ქალი – ეკა ფარულავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული, ასევე სენაკის მკვდრი, ქეთევან ლომაია, უკვე დააკავეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობის მიზეზი ვალია. ეკა ფარულავას ქალიშვილის განცხადებით, დედა ხშირად ახსენებდა ამ ვალს და წუხდა, რომ გადახდას ვერ ახერხებდა. მისი თქმით, მკვლელობის დღეს დედამისმა ბაზარში, სადაც წვრილმანებს ყიდდა, დაიბარა, რომ მევალესთან შესახვედრად მიდოდა, საიდანაც ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.

რესპონდენტი, რომელიც გვესაუბრა, ამბობს, რომ გადაცვლილს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა, თავის რჩენას ძლივს ახერხებდა:

– საწყალ ეკას დალხინებული ცხოვრება რომ ჰქონოდა, ცხადია, ვალს არ აიღებდა, ძალიან უჭირდა და იმიტომაც მოჰკიდა იმ ადამიანის ფულს ხელი. თავის დროზე, საკმაოდ წელში გამართული ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გაუჭირდა. გარდაცვლილს 3 შვილი ჰყავს, ქალიშვილები და ვაჟი. ეკა წვრილმანებით ვაჭრობდა სწორედ ამ წვრილმანების ვაჭრობისთვის ისესხა 2500 ლარი ქეთევან ლომაიასაგან და პურის ფულს როგორღაც ვაი-ვაგლახით შოულობდა.

-ალბათ გარდაცვლილს ვალი დიდი ხნის აღებული ჰქონდა.

– დიახ. მაგრამ სულ ცდილობდა, როგორმე ფული შეეკოწიწებინა და ვალი გაესტუმრებინა. ვერ ახერხებდა, ხშირად ამბობდა, – საიდან ვიშოვო, ეს დასაწვავი ფულიო, მგონი, ეშინოდა კიდეც მევალის, თუმცა თუ მოკლავდა, ამას ვერ იფიქრებდა ალაბათ. ეს ქეთევან ლომაია ცოტა უცნაური ქალია, – როგორც გარეგნულად, ასევე ხასიათითაც, თავის დროზე სენაკის უსინათლოთა საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. როცა ეს საზოგადოება გაუქმდა, შენობა არც მას შემდეგ დაუტოვებია, იყენებდა.… საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო, – პატარა მაღაზიები ჰქონდა გახსნილი. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ მასაც ვალები ჰქონია აღებული. ალბათ ამიტომაც ემუქრებოდა ასე ეკას, მაგრამ რაც არ ჰქონდა, რა უნდა მიეცა? ამას მოჰყვა ეს უბედურება. ქალი მკვლელმა პირდაპირ ბაზრიდან წაიყვანა უსინათლოთა საზოგადოების მიყრუებულ შენობაში, სადაც მოკლა.

როგორც პროკურატურა ამბობს, ეს იყო წინასწარ განზრახული დანაშაული, – მკვლელს იარაღი გაფორმებული ჰქონდა. პოლიციას თვითონ ჩაბარდა, უთქვამს ქალი მოვკალი, 7 ტყვია ვესროლე, როცა ვალს ვთხოვდი, მეხუმრებოდა და იმიტომო.

kvirispalitra.ge

იტვირთბა....