”ქართული ოცნების” ოფისთან საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრები ”ქართული ოცნების” ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციის რამდენიმე მონაწილეს ”ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხვდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, 3 ათასამდე ადამიანია დაზარალებული და ისინი ხელისუფლებას სთხოვენ დახმარებას. ისინი ასევე ითხოვენ გამოიძიონ, სად წავიდა მათი თანხები.
ადგილზე მობილიზებული რჩება პოლიცია.
შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პარტია ”ქართული ოცნების” ოფისში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. შეხვედრაში პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი და ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მონაწილეობდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი და ის ახალი ფინანსურ-ეკონომიკური ინიციატები იყო, რომლითაც მთავრობა გამოვიდა. განხილვის საგანი იყო ლარის გაცვლითი კურსი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები.

