ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექს-პრემიერი გირგვლიანის საქმეზე დაიკითხა: რატომ აპირებდა ნოღაიდელი გადადგომას და რა უთხრა მას სააკაშვილმა

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებულ ბრალთან დაკავშირებით დაიკითხა.

ნოღაიდელის განცხადებით, პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. მისი თქმით, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სადაც სააკაშვილმა უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილი კაცს აღარ გავდა:

„აპირებდა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მის ფინანსთა მინისტრად დანიშნვას. მერაბიშვილის ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნას ჩემი უკმაყოფილება მოყვა. სააკაშვილს ვუთხარი, რომ თუ მერაბიშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგებოდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სააკაშვილს ყველა ჩვენგანზე ჰქონდა სრული ინფორმაცია, მეგონა, ის სწორად შეაფასებდა იმ პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებიც არამარტო მთავრობის, პირველ რიგში, მის წინაშე დგებოდა და მიიღებდა სწორ პოლიტიკურ და სამართლებრივ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად ცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გამოძიების თანახმად, იკვეთება სისტემური დანაშაული, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურები „კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ დანაშაულის დაფარვის მიზნით.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. 2006 წლის 27 იანვარს წამების შედეგად გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალი სისტემური დანაშაულის მნიშვნელოვან ნაწილად არის წარმოდგენილი. როგორც პროკურორ კოკა კაციტაძის მიერ 27 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე წაკითხულ განცხადებაშია აღნიშნული, „დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება“ მოხდა „კორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად“.

 

იტვირთბა....