ახალი ამბები

პრობლემები შარდენზე _ ბარების მეპატრონეებს მერია ფასადის დემონტაჟს სთხოვს

შარდენის ქუჩაზე არსებული ბარების მეპატრონეებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. თუ რაში მდგომარეობს მათი პრობლემები, ,,ფოსტალიონი“ ქვემოთ მოგახსენებთ. ისინი აცხადებენ, რომ მერიასთან  კომუნიკაციის საშუალება აღარ აქვთ და ამ უწყებამ მათ კარი ჩაუკეტა.

 შარდენის ქუჩაზე არსებული ერთერთი ბარის მეპატრონე (ვინაობას არ ვასახელებთრედ.):

_ როგორც იცით, შარდენის ქუჩაზე ბარების გარკვეულ ნაწილს გარეთ აქვს მოწყობილი დასაჯდომები, ზოგს პანდუსი აქვს მოწყობილი და  გასწორებული აქვს ტერიტორია. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არასწორი კომუნიკაცია, დახრილი და დანგრეული ადგილი უფრო მიმზიდველი გაეხადათ. ამის გაკეთება მათთვის არავის დაუშლია, თუმცა, ცოტა ხნის წინ ამ ადგილს ქუჩის სტატუსი მიანიჭეს და დაიწყო კიდევაც შემოტევები. ახლა ამბობენ,  რომ ასე აღარ უნდა იყოს და ეს არაა ლამაზი. გასაგებია, რომ ეს ტერიტორიები პროცედურების და ნებართვების გარეშე მოვაწესრიგეთ, მაგრამ ახლა ხომ არ აღმოაჩინეს? უკვე წლებია, რაც ეს ტერიტორია ასეა და ახლა რომ დაგვიწყეს ბრძოლა, ასე შეიძლება? მე ასეთი ბარი ვიქირავე, ავამუშავე და ახლა რა ვქნა?  არავინ ელოდა იმას, რაც ახლა ხდება. უცებ მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი უნდა  დავშალოთ .

%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98

 _ კონკრეტულად რის დაშლას გთხოვენ?

_ შენობის გარეთ რაც არის მოწყობილი, ყველაფერი უნდათ, რომ დაგვაშლევინონ _ ყვავილებიც, საჩრდილობლებიც… გვეუბნებიან, რომ ეს არის უკანონო. 9 წელზე მეტია, ასეა მოწყობილი ეს ქუჩა. მეპატრონეები ითხოვდნენ მის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევას, მაგრამ ამაოდ. იმის გამო, რომ ეს ადგილი ტურისტებით დატვირთულია და ბიუჯეტში საკმაო ფული შედიოდა, ამ ქუჩაზე არსებული ობიექტების მეპატრონეებს ხელისუფლება პრობლემებს  არ უქმნიდა, მაგრამ  წელიწადზე მეტია, ჩვენს წინააღმდეგ რაღაც პროცესები დაიწყეს. ვეუბნებოდით, არ მოგწოთ? გვითხარით როგორ მოგწონს და გავაკეთებთ, მაგრამ ამაზე არავინ გვპასუხობდა. ჩვენ ხომ იმას არ ვითხოვთ, უკანონოა და დაგვიკანონეთ როგორიც არისო.

 

დღეს რომ გვეუბნებიან, აიღეთ ეს ყველაფერი, მოშალეთო, იმას რატომ არ ფიქრობენ, რომ ამით ჩვენი საქმიანობის  პარალიზება მოხდება? წლების წინ რომ ვითხოვდით კანონიერ ჩარჩოებში ყველაფრის მოქცევას, მაშინ ამოეღოთ ხმა, ეთქვათ რასაც აპირებდნენ და მოეცათ დრო რეკონსტრუქციისთვის. არქიტექტურის სამსახურს განემარტა ჩვენთვის,  რა უნდა გაგვეკეთებინა. მაშინ  ამ დღეში ხომ აღმოვჩნდებოდით?

  _ ამბობთ, რომ მერიის მოთხოვნა კანონიერია და რა გამოდის,  კანონის წინააღმდეგ გამოდიხართ?

_ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის რთული პრობლემა, რომელიც ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადაწყდეს. შარდენზე მდებარე 33 ბარი საკმაოდ დიდი თანხით, თვეში 300-350 000 ლარით ავსებს ბიუჯეტს და ამას აკეთებს ასეთი გაფორმებით და მდგომარეობით. სხვანაირად, ალბათ ამას ვერ მოახერხებდა. რასაც ახლა მერია თხოვს, ეს არის სადამსჯელო ხასიათის მოთხოვნა. ეს თუ მოხდა, 200-მდე ადამიანი დარჩება  სამსახურის გარეშე. მარტო ჩემი ობიექტიდან 4 ადამიანი გათავისუფლდება და ეს ხალხი ისედაც გაჭირვებულ ფენას წარმოადგენს და ესეც რომ მოაკლდებათ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.  ისიც გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ეს ადამიანი მინიმუმ კიდევ 2 ადამიანს კვებავს და არჩენს.

  _ რატომ გადაწყვიტა მერიამ ასეთი ზომები გამოეყენებინა?  ფაქტია, რომ ეს ადგილები ტურისტებსმოსწონთ, ბიზნესი მუშაობს, ხალხი დასაქმებულია. რა არგუმენტები აქვთ იმისთვის, რომ აქ არსებულიმდგომარეობა შეცვალონ?

_ ვერაფერს გეტყვით. შეიძლება ვიღაცის გემოვნებას ვერ მოერგო, მაგრამ  კი ბატონო, მოაქციონ კანონიერ ჭრილში და ჩვენც ისე გადავაკეთებთ, როგორც დააკანონებენ, დანგრევით და გაუქმებით რისი მიღწევა უნდათ, ვერ გაგვიგია.  არქიტექტურულად თუ რაიმე იყო  შესაცვლელი, ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლებოდა ერთი წლის განმავლობაში. ხომ გითხარით, ჩვენ  არაერთხელ გვქონდა მცდელობა, ვითხოვდით, რომ ეთქვათ, რა უნდოდათ, რომ გაგვეკეთებინა და  საკუთარი ხარჯებით ყველაფერს გავაკეთებდით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ, წინასაარჩევნოდ კი საერთოდ აღარ გვცემდნენ ხმას. ახლა უკვე კატეგორიულად მოგვთხოვეს დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვპირდებიან  გარკვეულ სანქციებს.

ზოგმა უკვე დადგა საახალწლო ნაძვის ხე, კიდევ უფრო გაალამაზა თავისი ტერიტორია და სწორედ ახლა მოუნდათ დემონტაჟი და მას რა შეიძლება ეწოდოს, ყველა მიხვდება.

 _ რა სახის სანქციების გატარებას გეგმავენ?  ახალ წელს შარდენის ბარები აყრილი და მონგრეულიფასადებით უნდა შეხვდეს?

_ დიახ, ასე გამოდის. ერთი კვირის განმავლობაში თუ არ ავყრით, მოვლენ და ჯერ 10 000-ით დაგვაჯარიმებენ, მერე 30 000-ით და მერე თვითონ გააკეთებენ დემონტაჟს. ვითხოვთ, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. იქნებ ისეთი არგუმენტები აქვთ, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ დაშლა. ჩვენი არგუმენტებიც მოისმინონ და შევჯერდეთ. ძალადობასა და ხალხის გაუბედურებას,  ასე მოქცევა ხომ სჯობია?  პანდუსები ტყუილად  კი არ გაკეთებულა, იქ ნაყარი მიწა იყო. ვკითხეთ კიდეც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს. თუ ჩვენ ავყრით ამ პანდუსებს, მერე  ჩვენვე დაგვაგებინებთ თქო? არაო, გვიპასუხეს, კეთილმოწყობის სამსახურმა უნდა დააგოსო. ანუ შარდენს რომ გადათხრიან, მერე ტენდერს გამოაცხადებენ და ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი. დიახ, საახალწლოდ შარდენი აყრილ-დაყრილი იქნება. არადა, გარე განათებაც იქ ჩვენი გაკეთებულია. ხვდებით ალბათ, რომ ეს ჩქარა ვერ მოხდება.

_ ასეთი გადაწყვეტილება ვინ მიიღო, ის მაინც თუ იცით?

_ გადაწყვეტილება მიიღეს მერმა და ვიცე მერმა. ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ისინი არ იყვნენ ამის მომხრენი და აფრთხილებდნენ კიდევაც გადაწყვეტილებების მიმღებებს, მაგრამ თურმე არ დაუჯერეს. საქმე იმაშია, რომ ამით პრობლემა ექმნება ბიზნესს, ბიზნესმენებს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მერი, ვიცე მერი ჯერ ხალხთან მიდის, ესაუბრება მათ და ისე იღებს გადაწყვეტილებას. ჯერ უნდა ჩააყენონ ხალხი საქმის კურსში, რას აპირებენ, როგორ აპირებენ და მერე უნდა გამოსცენ განკარგულებები. ხელისუფლებამ შეგნებულად არ უნდა დამაზარალოს, არადა, სწორედ ეს ხდება ჩვენს თავს. ქუჩის იერსახის შეცვლა  თუ დაგეგმეს, ჩვენ დავუდებთ რომის, პარიზის, ევროპის სხვა ქალაქების ბარების ფოტოებს, სადაც ზამთარში, სწორედ ასე, გამჭვირვალე მასალით იღობება ღია ტერიტორიებზე გამოტანილი დასაჯდომები. ჩვენთან ამას ებრძვიან და მიზეზსაც არ გვეუბნებიან, რატომ იქცევიან ასე.  იმის გამო, რომ  ბარები და მისი მიმდებარე ტერიტორიები გაგველამაზებინა, კრედიტები ავიღეთ. ერთ ახალგაზრდა ქალბატონს, ბანკიდან 300 000 დოლარი აქვს აღებული და ამ თანხით გახსნა 2 ობიექტი. ახლა ამბობს, თავს დავიწვავო, ისტერიკაშია. ეს გაუაზრებელი პროცესები გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ბარი დაიხურება, რაც მისი მეპატრონეებისთვის, იქ მომუშავე ადამიანებისთვის დაღუპვის ტოლფასია.

 _ მაგიდების გარეთ გამოტანის გარეშე რატომ ვერ იმუშავებთ, ობიექტების ძირითადი ნაწილი ხომშენობაშია?

_ მაგიდების 60-70 პროცენტი  გარეთ არის. თანაც, ღია და პარკებშემოკრულ ადგილებში უფრო სურს ხალხს დაჯდომა. ზედამხედველობის სამსახურის მუშაკები რომ მოვიდნენ, ისინიც გარეთ დაჯდნენ. მოკლედ, ჩვენ ვითხოვთ, რომ მთავრობამ ისეთი რამ არ გააკეთოს, რომ დაგვაზარალოს და წავიდეს გარკვეულ დათმობაზე. საუბარია დიდ ზარალზე, ადამიანების დაქცევა-დაღუპვაზე. იქნებ შეგვხვდნენ, დაგველაპარაკნენ, აგვიხსნან, ჩვენც ვეტყვით რას ვფიქრობთ…

,,ფოსტალიონთან” კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ იქნებ თქვენ დაგიკავშირდნენ და კითხეთ, რას გვიპირებენ, რას გვიწყობენ, ჩვენი დაღუპვა რატომ აქვთ გადაწყვეტილი? გადაეცით, რომ სჯობს, სანამ პროტესტის რაიმე ფორმას მივმართავთ, მოგვისმინონ. ნამდვილად არ გვინდა, რომ ამ სიტუაციამ მახინჯი ფორმა მიიღოს და უკიდურესი ზომების მიღება დაგვჭირდეს.  იმედს ვიტოვებთ, რომ შარდენი მეორე რიყე არ გახდება.

%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%983%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%982%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%984

წყარო: Postalioni

იტვირთბა....