”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გეგმა შეაფასა:
„შოკში ვარ მას შემდეგ, რაც გუშინ მთავრობის ეკონომიკური გეგმა მოვისმინე.
ფაქტობრივად მთავრობამ მოატყუა ხალხი, მოგვატყუა ჩვენ და მოატყუა საპარლამენტო უმრავლესობა. აქ არც ერთი სიტყვით არ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ თურმე აპირებენ გადასახადების მომატებას, რომ სულ მალე მოიმატებს გადასახადები ავტომობილების იმპორტზე, მოიმატებს გადასახადები აქციზზე, გაძვირდება საწვავი, რასაც მოყვება გაძვირება ფაქტობრივად ყველა სახის საქონლის, რაც კი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არის საწვავის ფასებთან.
რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებას აქ არ უთქვამს, რომ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ვიღაცის ვალების გასტუმრებას. თურმე იმის გამო, რომ ლარი დასტაბილურდეს, მთავრობა გეგმავს 65 მილიონი ლარის დახარჯვას ზოგიერთი კატეგორიის სესხების დოლარიდან ლარში გადასაყვანად. დოლარში აქვს 500 ათას ადამიანს აღებული სესხი. ახლა აპირებენ 30 ათასი კრედიტორისათვის ვითარების შემსუბუქებას. ჯერ ერთი არ არის ეს სწორი, არავითარი შემსუბუქება არ იქნება, ვინაიდან ლარში გადაყვანის საპროცენტი გაიზრდება და იმ შემთხვევაში, თუ ლარი გამყარდება, მათ მოუწევთ გაცილებით დიდი საგადასახადო ტვირთის ზიდვა. თუ გგონიათ და აპირებთ, რომ ლარი არ გამყარდეს, თუ თქვენ შეეგუეთ, რომ დარჩება 2,53 ან წავა წინ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება კატასტროფული ეკონომიკისთვის.
საიდან მოგაქვთ 65 მილიონი? ვისი ფულით აპირებთ სესხების გასტუმრებას? გაისტუმრეთ საკუთარი ჯიბიდან. თუ ეს არის ბიუჯეტიდან აღებული ფული, ეს არის პირდაპირ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა. თუ თქვენ ამას აიძულებთ ეროვნულ ბანკს, რომელიც ფეხქვეშ გაიგდეთ, რომელიც ყველაფერში გეთანხმებათ და ეროვნული ბანკი დააფინანსებს ამ ძალიან ავანტურისტულ ოპერაციას, ეს იქნება ემისიური, არაუზრუნვეყოფილი ფულის გაშვება მიმოქცევაში, რომელიც გამოიწვევს ფასების ზრდას და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას”, -განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, მთავრობა დაინახავს, რომ ყველა ეს ინიციტივა იქნება წარუმატებელი.