ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ ხართ ხალხი, რომლებმაც სცემეს საქართველოს ომბუდსმენი”

 

„ამ მაღალი ტრიბუნიდან ჩემი კოლეგების და ჩემი სახელით მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, მხარდამჭერებს, ვინც გვენდო და იმედები მოგვაბარა. ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ამ იმედებს, და აუცილებლად დავაბრუნებთ ამ იმედებს კეთილ დრობასთან ერთად“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ძალაუფლება დაუბრუნა და ქვეყანა შიშის, ტერორის და რეპრესიების გარეშე მართა.

„ჯანდაცვის სისტემა და ბიუჯეტი შემოვატრიალეთ მოსახლეობისკენ და ადამიანისკენ. შეგახსენებთ გამოსულ ბატონებს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თქვენი მმართველობის დროს დატოვებული იყო ყოველგვარი სამედიცინო ბენეფიტების გარეშე. საკუთარი შიდა მეურნეობის და მწირი შემოსავლების ამარა. ეს მათ საყურადღებოდ, ვინც გაღარიბებაზე გვესაუბრებოდა. შევქმენით 56 000 სამუშაო ადგილი და როდესაც თქვენ ცდილობთ ეს სამუშაო ადგილები დაითვალოთ კერძო სექტორში, შეგახსენებთ, რომ ისინი შეიქმნა კერძო სექტორში და არა საჯარო სექტორში, როგორც თქვენ ამბობთ ხშირად. ჩვენ ჩავდეთ მილიარდი სოფლის მეურნეობაში და ნახევარი მილიარდი ქართულ  წარმოებაში. 56 %-ით გავზარდეთ ქვეყანაში მშენებლობის ტემპები. მილიარდით მეტი მოვიზიდეთ ტურიზმში, სადაც თქვენ ჩემპიონებად აკეთებდით პოზიციონირებას. 2.6 მილიარდი კი ენერგეტიკულ პროგრამებში მოვიზიდეთ. გავზარდეთ ინვესტიციები, მეტი დევნილი დავაკმაყოფილეთ საცხოვრებელით, მოვახდინეთ სამართალდამცავი ბლოკის და სისტემის დეპოლიტიზება. მახსოვს პერიოდები, როდესაც სამართალდამცავებს აძლევდნენ დავალებას, რომ ლურსმები დაეყარათ არჩევნებზე მიმავალი პოზიციური ავტობუსებისთვის და გახსოვთ ეს არცევნები სადაც 1 ლურსმანსაც ვერ იპოვიდით გზებზე. რეფორმები გავატარეთ სასჯელაღსრულების სისტემაში, სადაც კატასტროფული ვითარება იყო და თუ თქვენს ევროპულ ღირებულებებს გამოაცლით ადამიანის უფლებებს, რომელიც ირღვეოდა, თუ გამოაცლით მედიას, რომელიც მონოპოლიზებული იყო, თუ გამოაცლით ბიუჯეტს, რომელიც გაუმჭირვალედ იხარჯებოდა და სხვა ღირებულებებს, რომელზეც მოგვიანებით გესაუბრებით, საუბარი ევროპაზე და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე არის მხოლოდ ფასადური“- განაცხადა თალაკვაძემ.

მან უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძესაც, ლარის კურსთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით.

„ბატონ გოცირიძეს მინდა შევახსენო, მე უკვე მესამედ მოვისმინე, რომ ხელებს იშვერთ და ისრები გადაგაქვთ ბატონი ჯავახიშვილისკენ, პერიოდი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანდებოდა არა ჯავახიშვილი, რამედ დვალიშვილი, ბატონო რომან და თქვენ ბრძანდებოდით ვიცე-პრემიერი ეკონომიკურ დარგში.

ასევე მინდა გიპასუხოთ სიღარიბესთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ენდობით მსოფლიო ბანკის შეფასებებს. მის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 14%-ით შემცირდა სიღარიბე, ბატონო რომან. ჩვენ ვუზრუნველყავით სამოუკიდებელი სასამართლო და პირველად ამ 4 წლის განმავლობაში ხდებოდა, როდესაც სასამართლო დარბაზიდან მთავრობა და ხელისუფლება მოქალაქეებთან დავებში არ გამოდიოდა ყოველთვის გამარჯვებული. ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და საქართველო დღეს რეგიონში სტაბილურობით გამოირჩევა“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ისაუბრა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაჟღერებულ სხვადასხვა თემებზე, ნეპოტიზმზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, კორუფციაზე და ა.შ.

„ნეპოტიზმზე საუბარი როდესაც ქალაქის მერიაში შპს გქონდათ შექმნილი, სადაც ასაქმებდით ტექნიკურ მუშაკებს სამუშაო აღწერილობის ქვეშ და ასეთი ასეულობით ადამიანი გყავდათ, მგონი ცოტა უსამართლოა. კორუფციაზე არ უნდა გვესაუბრებოდეთ ადამიანები, რომლებიც იმ ხელისუფლებას აფარებდით ხელს, სადაც მანქანებს ყიდულობდნენ ბიზნესმენები თქვენი მაღალჩინოსნებისთვის. დღეს პროკურატურას უხდება ამ დაძველებული მანქანების უკან დაბრუნება და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება განსხვავებები თქვენ რომ აანაზღაუროთ. თქვენ ხართ ხალხი, რომლებმაც სცემეს საქართველოს ომბუდსმენი და მერე დააყოლეთ განცხადება, რომ ეს იყო დასასჯელად.

თქვენ ხართ, რომელიც აყალბებდით არჩევნებს, და წეღან ბრძანეთ ქალბატონო სალომე(სამადაშვილი), ძალიან მაინტერესებს, საკუთრების ჩამორთმევა, ტელეკომპანია „იმედში“ რეიდების ჩატარება, ჟურნალისტების დაპატიმრება, სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამართლიანობაა? პირად ცხოვრებაზე რომ გვესაუბრებით, ფილმები გაქვთ გადაღებული, ვერ დასრულდა ამ ფირების განადგურება, ხან სად ვპოულობთ და ხან სად. მაშინ ძალიან იმედისმომცემი გარემო იყო შექმნილი თუ როგორ არის საქმე. მოკლედ, ჩვენ მაინც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მაგრამ მაინც თქვენ ხართ უცნაური თავისმართლების რეჟიმში. ამ წლების განმავლობაში თქვენ მაინც ვერ მოახერხეთ ბოდიშის მოხდა და დღეს გვესაუბრებით საქმეებზე, რომელიც თქვენ გიკავშირდებათ.

შეგახსენებთ, დღეს ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტში პირველი სხდომა გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

იტვირთბა....