გაგებაში არ ხარ ნარკოპოლიტიკის“ – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებას ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯასთან დაკავშირებით.
„ნეტავ თუ შეიძლება ამაზე მეტად თქვა,
1 – გაგებაში არ ხარ ნარკოპოლიტიკის;
2 – გაგებაში არ ხარ სახელმწიფოს როლის;
3 – გაგებაში არ ხარ საკუთარ ქვეყანაში სისტემის ძალადობის ხარისხის;
4 – რეპრესიული სისტემის აპოლოგეტი ხარ;
5 – იმ სისტემის შვილი და მადლიერი ხარ ამ საქმით მილიონებს რომ შოულობს და ახალგაზრდებს აშანტაჟებს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ოცნებას ამ ფასდაუდებელ შენაძენს“ – წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი facebook-ზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ის ხშირ შემთხვევაში გამსაღებელიცაა.
„ეს არაა მხოლოდ გაყიდვა – ასევე, გადაცემას, გადაზიდვას გულისხმობს. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მძიმე ნარკოტიკებთან, კოკაინი და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებს, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართალმცოდნეებში, საზოგადოებაში, სპეციალისტებში (მათი განმარტებით, მსუბუქი ნარკოტიკი – ასეთი გაგება, პრაქტიკულად, არ არსებობს), ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ასეთი მსჯელობა, რომ მოხდეს, პირველ შემთხვევაში, დეკრიმინალიზაცია, ესეც მსჯელობის საგანი უნდა იყოს“