„შეიძლება, თქვენ ამის გაკეთება არ გსურდეთ დედასთვის, მაგრამ, უმორჩილესად გთხოვთ, მოინდომეთ ჩემთვის. მე ხომ არაფერი დამიშავებია, მაგრამ დედაზე მეტად ვიტანჯები… გევედრებით, გულთან მიიტანეთ ჩემი მუდარა და დამიბრუნეთ დედა!”- მეუღლის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებული ინგა წულაძის ქალიშვილი, გურანდა წულაძე საქართველოს პრეზიდენტს დედის შეწყალების თხოვნით მიმართავს. წერილს sazogadoeba.ge აქვეყნებს.
„გამარჯობა, ბატონo გიორგი. ეს წერილი ახლა არ დამიწერია, თითქმის ერთი წელია ვინახავ, არ მიყვარს, როდესაც ვინმეს ვეცოდები და ამიტომაც, არავის ვაკითხებდი, რადგან მასში მთელი ჩემი გრძნობა დევს.
დიდხანს ვიყოყმანე, მაგრამ დედაჩემისთვის გადავდგამ ამ ნაბიჯს და თქვენ გამოგიგზავნით.
უკვე 5 წელი გავიდა, რაც დედა ჩემთან აღარ არის, მე კი, უჩუმრად ისევ ვტირი ღამ-ღამობით, რადგან მენატრება.. არადა, უკვე დიდი ვარ. ხანდახან ვფიქრობ, დედა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. იმაზე მალე გავიზარდე, ვიდრე სხვა ბავშვები. ჩემი მეგობრები ისევ თამაშობდნენ “წრეში ბურთს,” მე კი, სახლიდან ცხვირს აღარ ვყოფ. დავიღალე გაუთავებელი პრობლემებით – 13 წლიდან თითქოს უეცრად მომხსნეს ვარდისფერი სათვალეები და დამანახეს რეალობა. მენატრება ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, რომელიც მთელი ცხოვრება მივლიდა, ზრუნავდა, სამსახურიდან გამორბოდა, რომ მთელი დღე მარტო არ ვყოფილიყავი და თუნდაც 1 საათით მეტი გაეტარებინა ჩემს გვერდით.. თითქოს, გული უგრძნობდა, რომ ეს ბედნიერება მალე დასრულდებოდა..
მენატრება ის დრო, როდესაც მე და დედაჩემი ოთახში ვიყავით შეკეტილები და ვთამაშობდით; მენატრება ბავშვობა, რომელიც ჩემთვის ძალიან ადრე დასრულდა. ყველაფერს ისიც ერთვის რომ დედიკო ციხეში ძალიან ავად არის და ძალიან მეშინია, არ დავკარგო..
ეს იყო ერთი წლის წინ დაწერილი წერილი ჩემს პირად დღიურში. ახლა პირადად თქვენ მინდა მოგიყვეთ ის, რასაც განვიცდი: ყოველ დღე ვფიქრობ დედაზე. არ ვიცი, მან რა დააშავა, სამართლიანად ზის ციხეში თუ არა. ეს მეათეხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ მე დედა მაკლია! მაკლია ადამიანი, რომელიც მზრდიდა და რომელმაც მოახერხა ჩემთვის ესწავლებინა ადამიანობა. ძალიან მეშინია, რომ დავკარგავ დედიკოს.. ვიცი, რომ დედასთვის ციხეში ყოფნა არ არის მთავარი პრობლემა. თავის მხრივ, მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის არის, შვილებს რომ დაშორდა და ვერ ნახულობს!
ახლახან გავიგე, რომ თქვენ ხართ ის თანამდებობის პირი, ვისაც შეუძლია დედა დამიბრუნოს და მასთან ჩახუტება კვლავ შემაძლებინოს. დაჭერამდე სულ დედასთან ჩახუტებულს მეძინა და როცა ციხეში წაიყვანეს, ერთი წელი, უბრალოდ, ვერ ვიძინებდი, მისი მოფერების გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მისი დაჭერის შემდეგ სამყარომ ჩემს წინაშე ფერები შეიცვალა. დედა მეუბნებოდა ხოლმე, ” როდესაც რაიმე განსაცდელი მოდის, ეს ღმერთის გამოგზავნილია და აუცილებლად ღმერთივე დაგვეხმარება, თუ ამ განსაცდელს ღირსეულად შევხვდებითო..” არ ვიცი, ჩემგან კიდევ რა არის საჭირო, რომ უდედოდ ყოფნას ღირსეულად ვითმენდე? გთხოვთ, დამეხმარეთ.. ძალიან მინდა, ისევ ვიგრძნო დედასთან ერთად ცხოვრების ბედნიერება, რასაც 6 წლის წინ ვგრძნობდი.. ბატონო პრეზიდენტო, შეიძლება, თქვენ ამის გაკეთება არ გსურდეთ დედასთვის-პატიმარ ინგა წულაძისთვის, მაგრამ, უმორჩილესად გთხოვთ, მოინდომეთ ჩემთვის-ჯერ კიდევ სრულიად ბავშვისთვის. მე ხომ არაფერი დამიშავებია, მაგრამ დედაზე მეტად ვიტანჯები.. გევედრებით, გულთან მიიტანეთ ჩემი მუდარა და დამიბრუნეთ დედა!
გმადლობთ, რომ მოთმინებით წაიკითხეთ ჩემი წერილი.
პატივისცემით და იმედის გრძნობით,
გურანდა წულაძე
13 ნოემბერი, 2016 წ.“