„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტ არჩილ გამზარდიასთან
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2.48-ს შეადგენს. დოლარის კურსი გაცილებით მაღალია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. აღნიშნული ვათარების მიუხედავად პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ლარის დევალვაციის პროცესი დადებითი პროცესებით არის განპირობებული. „2030“-ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია ამგვარი დამოკიდებულების გამო, ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„მეტრონომი“ საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტს, არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
„მეტრონომი“: საუბარი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საკითხით მინდა დავიწყოთ. როგორ უყურებთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივებს უკრაინაში?
არჩილ გამზარდია: მიხეილ სააკაშვილი ახლა არის ისეთ ზღვარზე, როდესაც უკვე დასაკარგი ბევრი არ აქვს. მას არ შეუძლია არააქტიური იყოს. არ არსებობს მშვიდი სააკაშვილი, სადღაც წყნარად და მშვიდად რომ იმუშავებს. ის ე.წ ვაბანკზე წავიდა, როდესაც შეეცდა თავისი გარკვეული მიზნების განხორციელებას.
საქართველოსთან შედარებით უკრაინაში ბევრი სირთულეა. პირველი ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საკუთარ ქვეყანაში. როდესაც ასე უპირისპირდება ყველას და დაპირისირების რეჟიმში ხარ სხვის ქვეყანაში ეს ყველაფერი უფრო ძნელია. მეორე არის ის, რომ იქ არსებობს გარკვეული ინფორმაცია იგივე ფინანსურ თემებთან დაკავშირებით. სააკაშვილი სამწუხაროდ არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანი გადაიმტეროს. ამიტომ ბუნებრივია, შეიძლება ნებისმიერ დროს მის წინააღმდეგ შეტრიალდეს პროცესი. მათ შორის სამართლებრივი კუთხითაც. სააკაშვილი პირადად პოროშენკომ იხსნა ქართული სამართალდევნისგან.
– ელოდებით მის ექსტრადირებას საქართველოში?
– არ ველოდები. ამ წუთში ეგ პირობა არ გვაქვს, მაგრამ გაააჩნია მიხეილ სააკაშვილი სადამდე წავა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს ზურგს უნდა უმაგრებდეს რაღაც ძალიან დიდი ძალა, რომ ეს თავიდან აირიდოს. თუ სააკაშვილი პოროშენკოს პირადად დაუპირისპირდა, შეგახსენებთ, პოროშენკო არის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილი ქართული მართმსაჯულებისგან გადაარჩინა, ბუნებრივია, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ შეტრიალდეს პროცესი.
სააკაშვილის ყველაზე მთავარი შეცდომა ყოველთვის იყო ზედმეტი რადიკალიზმი და ზედმეტი სიყვარული დაპირისპირებისა. ის ყველგან ამ ხაზით დადის. საქართველოშიც ამ ხაზით იყო და უკრაინაშიც იგივეს აგრძელებს. მას აქვს საოცარი უნარი ძალიან ბევრი პირადი მტერი ჰყავდეს.
– ფიქრობთ რომ სააკაშვილი პარტიის მართვას ჩამოშორებულია? ან იმ ფრთის მართვას მაინც, რომელიც პარლამენტში შედის?
– ალბათ, ასე გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ცხადად ჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა 90%-ზე მეტი პირადად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. “ნაციონალური მოძრაობა” ამ დაპირისპირებას და ამ პროცესს საბაზრო პრინციპით უყურებს. სააკაშვილის მაქსიმუმი იყო ეს. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ვერ დაარწმუნა ადამიანები, რომ უახლოეს პერსპექტივაში მას აქვს უნარი “ნაციონალური მოძრაობისთვის” უზრუნველყოს ხელისუფლებაში მოსვლის მხარდამჭერთა სივრცე. როგორც ჩანს, მან ვერ დაამტკიცა, რომ კიდევ შეუძლია იმდენი ხალხი აიყოლიოს, როგორც 2003 წელს. ჩანს, რომ მიხეილ სააკშვილი იმ რანგის ლიდერი აღარ არის და ამას მისი გუნდის წევრებიც ხედავენ. სწორედ ამის გამო ჩაიმოიშალა მისი პერსპექტივები პარტიულ სივრცეში.
რაც შეეხება სხვა დანარჩენს, მათ აქვთ თეორიული პერსპექტივა მომხმარებლები მიიზიდონ. რადგან ხელისუფლებას ჰყავს მოწინააღმდეგეები, მაკრიტიკებლები და როგორც კი ხელისუფლება შევა პარლამენტში, ანუ მართვის სივრცეში, ხელისუფლების მოწინააღმდეგე მხარე გაიზრდება, რადგან ისეთი პერსპექტივა არ ჩანს, რომ ჩვენ რაღაც საოცარი დინამიკით განვითარდებით. “ნაციოანლურ მოძრაობას” ეს ყველა პირობა გზას უხსნის.
– ანუ სააკაშვილისგან დისტანცირებით მათ ნეიტრალური ელექტორატის მიმხრობა სურთ?
– დიახ. სავსებით შესაძლებელია ასე იყოს. მიხეილ სააკაშვილს მომხრე საარჩევნო ყუთთან მაინც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცეს ხმას, სააკაშვილის გარეშეც კი. ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება ამ მხრივ თავისი ამომრჩეველი განიმტკიცოს. თვითონ მიიღოს სააკაშვილის ნაცვლად ეს ამომრჩეველი და ისინი ნელ-ნელა ბაზარზე პოზიციონერობას შეეცდებიან. ამით ისინი სხვა ამომრჩევლის ხმების მიღებასაც შეეცდებიან, რადგან პოლიტიკური ველი დღეს ცარიელია.
– თქვენ “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირი ხართ. პარტიის მომხრე. დღეს საჯაროდ გააკრიტიკეთ ხელისუფლების პოზიცია, რომ ლარი ჯანსაღად იქცევა და ყველაფერი კარგად არის. მაინტერესებს რა გახდა თქვენი კრიტიკის საფუძველი? პრემიერის კონკრეტულმა განცხადებამ გიბიძგათ ღია კრიტიკისკენ?
– როგორც მოქალაქეს ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და ხშირად ვსვამ ამ შეკითხვებს. სპეციალისტები შემოდიან ჩემს კედელზე და პასუხებს მაძლევენ. შეიძლება პროცესები იყოს ჩავადნილი, რაღაც პერიოდი, ან მცირე ხნით, მაგრამ როდესაც მუდმივი დინამიკა ასეთია, როგორც მოქალაქეში კრიტიკულ დამოკიდებულებას მიქმნის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ “ქართული ოცნება” წინა პერიოდში ბევრად მეტად ცდილობდა, რომ ან პროცესი აეხსნა, ან რაღაცები გაეკეთებინა. სრულდებოდა თუ არ სრულდებოდა ეს სხვა თემაა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას მაინც აცხადებდა. სპეციალისტები ამაზე ზოგჯერ ხალისობდნენ, მაგრამ ეს ხომ იყო რაღაც მორალური პასუხისმგებლობა?! ჩვენ ვგრძნობდით რომ ხელისუფლება რაღაცას ცდილობდა. დღეს ამას ვერ ვხედავ და ამ შემთხვევაში არ მომწონს, როდესაც ხელისუფლება ხალხს შორდება. დღეს “ქართულ ოცნებას” სრული ძალაუფლება აქვს და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პრეტენზიები გვქონდეს ხელისუფლებასთან. ჩვენ არ გვყავს ოპოზიციური პარტიები და თუ ხელისუფლებამ დაიწყო კრიტიკის გარეშე მოღვაწეობა შესაძლოა იგივე განმეორდეს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო. ამიტომ ჩვენ ანალიტიკოსები და მოქალაქეები ვალდებულნი ვართ რამდენადმე შევავსოთ ეს სიცარიელე. ჩემს კრიტიკას გულშემატკივრობაც ეტყობა.
– თქვენ “ქართული ოცნების” წევრებს იცნობთ და ამიტომ თქვენი შეფასება მაინტერებს.. რატომ სურთ ივანიშვილს, პრემიერს დაგვარწმუნონ იმაში რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ, როცა ლარის დევალვაცია კატასტროფულია და ქვეყანაში მძიმე სოციალური პირობები არსებობს? ივანიშვილის ყოველი გამოსვლა ქართული ეკონომიკის “წარმატებებზეა” აგებული… რა აძლევს ამ ადამიანებს ამ განცხადებების საფუძველს?
– ივანიშვილი ხელისუფალი არ არის. არსებობს ხელისუფლება, არსებობს პრემიერ-მინისტრი. თუ ვიღაცას ხელისუფლებაზე ზედმეტი ზეგავლენა აქვს, ეს იმ ვიღაცის პრობლემა კი არ არის, არამედ თავად ხელისუფალის პრობლემაა. თუ პრემიერზე ვიღაცა გარეშე პირები მეტ ძალაუფლებას ფლობენ, ეს მისი პრობლემაა. რაც შეეხება ივანიშვილის პოზიციას, ივანიშვილი ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტიპია და ძირითადად ეკონომიკის ხაზით არის სპეციალისტი. მისი პოზიცია შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მისაღები, ვიღაცისთვის – მიუღებელი და ამაზე შეიძლება მსჯელობა. მის მიერ ორგანიზებული ე.წ ეკონომიკურ ფორუმების მიზანიც სწორედ ეს არის. რაც შეეხება ხელისუფალს, მის პოზიციებს სრულიად გამოვყოფ. ივანიშვილს შეუძლია სრულიად სხვადასხვა ტიპის პოზიციები ჩამოაყალიბოს, როგორც ცალკე აღებულ პირს, მაგრამ ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ერთის მხრივ არაპანიკური, მაგრამ არც უტიფარი.
– თქვენი აზრით, კვირიკაშვილის განცხადება უტიფარი იყო?
– ჩემთვის პრემიერის გუშინდელი განცხადება უტიფარი იყო. როდესაც მიმტკიცებენ მაგრამ არ მაჯერებენ, ეს სხვადასხვა საზომია. მე თუ დამაჯერებენ რომ ეს პროცესი დროებითია, როგორც მოქალაქე, შევეგუები, მაგრამ აღნიშნული პროცესი დაუსრულებლად მოჩანს. სწორედ აქ მაქვს პრეტენზია.
მარიამ ვარადაშვილი