ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ამოღებულია ვიდეოჩანაწერები: ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ორი გამომძიებელი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე გრძელდება. სასამართლო პროცესები განსასჯელების გარეშე მიმდინარეობს, რადგან მკვლელობაში ბრალდებულები ფარიდ გურბანოვი და ოლეგ დოევი მიმალვაში იმყოფებიან. საქმეს მოსამართლე გიორგი დარახველიძე განიხილავს. დღეს სახელმწიფო ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესი გაგრძელდა. მოწმის სახით დაიკითხა ორი გამომძიებელი, რომლებმაც მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს.

პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა, რომ 2015 წლის მარტში მუშაობდა გამომძიებლის პოზიციაზე. მან მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის მოპედი დაათვალიერა და განაცხადა, რომ მკვლელი სწორედ ამ ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. მისი თქმით, აღნიშნული მოპედი მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და გამოიკვლიეს. მოპედის საფეხურიდან აიღეს სუნის კვალი. მოპედის მარჯვენა სახელურზე იყო ჩაფხუტი, საიდანაც აიღეს ანაწმენდები. ასევე მიმდებარე ტერიტირიაზე ნაპოვნია ქუდი, რომელიც დალუქეს. დაიკითხა ასევე მეორე გამომძიებელიც, რომელმაც შემთხვევის ადგილი, მარაბდის 25 ნომერი დაათვალიერა. მისი თქმით, ადგილზე ლითონის საგნები იქნა ამოღებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ერთ-ერთი ბრალდებული მოპედით. ასევე წარმოადგინეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ფარიდ გურბანოვის კიბეზე ჩასვლის მომენტია ასახული. ის იხდის ქურთუკს, რომელიც შავი ფერისაა, აბრუნებს და იცვამს მეორე მხრიდან, საიდანაც ქურთუკი ლურჯი ფერი ხდება. პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, შემთხვევის დღეს, ისევე როგორც წინა დღეებში მარაბდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისევე როგორც პეკინის გამზირზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობდნენ ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი, ამოღებული იქნა ვიდეოკამერებზე დაფიქსირებული სხვადასხვა ჩანაწერები, სადაც ასახულია მათი გადაადგილება მოპედით. ეს გახლავთ ის მოპედი, რომელიც შემდგომში მათ მიერ გამოყენებულ იქნა შემთხვევის ადგილზე მისასვლელად და რომლითაც ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად უთვალთვალებდნენ ბესარიონ ხარძიანსა და მის საცხოვრებელ სახლს“ – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვისა და ოლეგ დოევის სახაზინო ადვოკატს, ირაკლი ესიავას, მან განაცხადა, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა დადასტურდება. წარმოდგენილი მტკიცებულებები დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების არავითარი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ჩვეულებრივად, ადამიანი გადაადგილდებოდა მოპედით. თუ კარგად დააკვირდებოდით, დაინახავდით სხვა მოპედებსაც, რომლებიც იგივე მარშუტს გადიოდნენ, რაც გაიარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. რაც შეეხება იმას, რომ ბრალდების მხარეს წარმოედგინა უტყუარი მტკიცებულება, რომ უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან ის პიროვნებები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, დღევანდელ პროცესზე ასეთი არ ყოფილა წარმოდგენილი“ – განაცხადა ირაკლი ესიავამ.

შეგახსენებთ, რომ ბესო ხარძიანი გასული წლის 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენს საკუთარ სახლთან სამჯერ ესროლეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე მიმდინარე წლის 21 იანვარს გახსნა. ბიზნესმენის მკვლელობისთვის ბრალდებულები არიან რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი და უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ დამეტოვი, რომლებსაც აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

იტვირთბა....