ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით ზურაბიშვილი და ალეკო ელისაშვილი: „მერიას ვთავაზობთ გაწყვიტოს კონტრაქტი „სითი-პარკთან“

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან კომპანია „სითი-პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას მოითხოვენ, – ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ისინი მერიისგან ასევე მოითხოვენ, რომ პირგასამტეხლოს  თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, „სითი პარკს“ 2025 წლამდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი მერიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, აღნიშნული კომპანია მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარის ამოიღებს.

„ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მერიას, რომ გაწყვიტოს კონტრაქტი „სითი პარკთან“. 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიდოს პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ „სითი პარკს“ უნდა გადავუხადოთ და გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ კომპანიასთან. პარკირება უნდა იყოს მუნიციპალური სერვისი და მერია უნდა მართავდეს მას ერთი წლის მანძილზე. შემდეგ შეიძლება ეს ვადა ან გახანგრძლივდეს, ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს. შემოსული თანხა კი უნდა მოხმარდეს დედაქალაქის პარკირების ინფრასტუქტურის შექმნას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დავით ზურაბიშვილისა და ალეკო ელისაშვილის განცხადებებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი.

„მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....