ბლოგები მთავარი საზოგადოება

რწმენა

ძალიან ბევრ ადამიანს დიდ პატივს ვდებთ, როცა მათ ამა თუ იმ რელიგიის აღმსარებლებად მოვიხსენიებთ. რამეთუ ისინი ვერც აღიქვამენ და არც ეძებენ არანაირ რელიგიას; საეკლესიო წესდებაა მათთვის რწმენა… სულ ეს არის ის, რასაც ისინი ამ სიტყვაში გულისხმობენ.

იმანუილ კანტი

 

არიან ადამიანები, და ისინი კაცობრიობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ სწამთ. მათი რწმენის “მარტივ მამრავლებად” დაშლა კი მოგვცემს იმედს და მოგვცემს შიშს. მათი რწმენა შიშით გაზავებული იმედია და ისიც უკეთეს შემთხვევაში. უკეთეს შემთხვევაში მათი რწმენა პატიმრის შიშით გაზავებულ იმ იმედს ჰგავს, რომელიც განაჩენის მოლოდინშია. უკეთეს შემთხვევაში მათი რწმენა იდუმალების არსებობის აღიარებაა. იდუმალების წინაშე შიშით გაზავებული იმედი არის უმრავლესობისთვის რწმენა… უკეთეს შემთხვევაში.

ადამიანთა ეს ნაწილი, ვერ აღიქვამს რა იდუმალების, ზღაპრის აქაურობას, მის რეალურობასა და ყოველდღიურობას, აღიარებს მის “ფარდის მიღმა” არსებობას და მასთან დროდადრო შეხების წერტილებსაც პოულობს… შეიგრძნობს დროდადრო და შესაბამისად თავის ამ შეგრძნებას ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას უქვემდებარებს… ამა თუ იმ ტრადიციას, რიტუალს უქვემდებარებს.
ეს ადამიანები შეიგრძნობენ მაშინ, როდესაც რომელიმე კონკრეტული რელიგიური რიტუალის მოწმენი, ან მონაწილენი, ხდებიან. ამ საოცარ შეგრძნებას, აღმაფრენის ასეთ გამოცდილებას, ისინი რასაკვირველია იმ ღმერთს მიაწერენ, რომელსაც მიწაზე მათი რელიგიური მიმდინარეობა წარმოადგენს. რასაკვირველია იდუმალებასთან ეკლესიაში შეხებისას ქრისტიანს კიდევ უფრო ღრმად გაუჯდება რწმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა… სინაგოგაში ებრაელს  კიდევ უფრო ღრმად გაუჯდება რწმენა იმისა, რომ იუდაიზმია ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია… მუსულმანი მეჩეთში კიდევ უფრო ღრმად იწამებს იმას, რომ ისლამის გარდა სხვა ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს.
კი, ამ ადამიანებს სწამთ… განსხვავებით ადამიანთა იმ კატეგორიისგან, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ. ამ ადამიანებს რაღაცა ირეალურთან, ირაციონალურთან შეხების წერტილები აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის კონკრეტული სივრცითა და დროით განსაზღვრული პრაქტიკაა, მათ ეს პრაქტიკა აქვთ. ისინი შეიგრძნობენ მაშინ, როცა ღმერთის სახელზე და მისი სახელით აგებულ ტაძარში იმყოფებიან… ტაძარში, სადაც ხმაური სიჩუმით არის ჩანაცვლებული, თავხედობა მოწიწებით, ურჩობა მორჩილებით, ღელვა სიმშვიდით… ტაძარში, სადაც იდუმალება ადამიანებს გამოჰყავთ სააშკარაოზე და არა სანთლებს, ხატებს და ქვებს… ტაძარში, სადაც შეუძლებელია ლარის კურსზე, გაძვირებულ ბენზინზე და გაფუჭებულ ონკანზე ფიქრი. ადამიანების თავდახრილი თუ ზემოთმიპყრობილი ზოგჯერ ცრემლიანი თვალები და მორჩილი მზერა, ტუჩების უხმო მოძრაობა, რომელიც უხილავთან ურთიერთობით არის გართული, რუტინის, ყოველდღიურობის შეგრძნებას იდუმალების შეგრძნებით ანაცვლებს… ერთი სიყვარულის, ერთი სამყაროს… ერთი ღმერთის შეგრძნებით.
უფლის ტაძრიდან გამოსული ადამიანი კი რატომღაც “საკუთარ სახლში” ბრუნდება… მან ღმერთი ტაძარში დატოვა… მას თავისდაუნებურად ჰგონია, რომ ღმერთი ეკლესიებში, სინაგოგებსა და მეჩეთებში ცხოვრობს… მან დატოვა ღმერთის სახლი და დაუბრუნდა თავისას, თუმცა… თუმცა რასაკვირველია ძნელია გარკვეულწილად არ დაეთანხმო იმათაც, ვინც ადამიანში პირველ რიგში მის ადამიანურობას აფასებს… რაც მის მიწასთან სიახლოვეს უფრო მეტად გულისხმობს, ვიდრე მისგან მოწყვეტას…

ქვემოთ აღწერილი მორწმუნენი კი უარეს შემთხვევას აღწერენ… შემთხვევას, როცა მიწასთან სიახლოვეს სრული დამიწებულობა ანაცვლებს…

უარეს შემთხვევაში რწმენა არის ნული, სიცარიელე… არაფერი! უარეს შემთხვევაში რწმენა ზუსტად ისეთივე რარიტეტია, გამოსაჩენ ადგილას მოთავსებული ისეთივე სამუზეუმო ექსპონატია, როგორიც დავუშვათ დიდი ბაბუის მიერ ნაჭედი, ნაქონი და დღეს კედელზე ჩამოკიდებული ქვებით მოოჭვილი ხანჯალი… ხანჯალი, რომელსაც მართალია ფორმა აქვს, თუმცა ზუსტად და მხოლოდ ის ფორმა, როგორიც მას დიდმა ბაბუამ შესძინა და რომელიც შენ კედელზე გიკიდია. გიკიდია გამოფიტული, სულამოცლილი ხანჯალი, რომელიც მისი გარეგნული გამოხატულების გარდა არაფერს არ გაუწყებს… რომელიც დუმს, თუმცა შენ ხმამაღლა და ყველას გასაგონად აცხადებ, რომ ის არ დუმს, მეტყველებს და მისი გწამს…

ეს ადამიანები მხოლოდ ფორმალურად აღიარებენ, უგრძნობლად აღიარებენ იმ იდუმალებას, საიდანაც ყოველი საგანი გამომდინარეობს და იშვება. მათ სწამთ იმიტომ, რომ სწამდათ მათ მამებს, ბებიებს, ბაბუებს… სწამთ იმიტომ, რომ მათ წინაპრებს სწამდათ!.. მათ არ შეუძლიათ არ სწამდეთ. ბოლოს და ბოლოს  ისინი სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებს ნაზიარებნი და მათი ყოველწლიურად თუ ყოველდღიურად მომხმარებლები არიან. ტრადიციის გარემოში, ტრადიციის “ქვაბში” ნახარშნი, ისინი მის სულსაც კი ვერ გარდაქმნიან გრძნობად სუბსტანციად… სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებს ნაჩუქარნი არიან… სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებს თუ გნებავთ – მსხვერპლად შეწირულნი არიან! ჩვენს შემთხვევაში, ქრისტიანობის შემთხვევაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მონათლულნი არიან!.. მათ არ შეუძლიათ არ სწამდეთ. ისინი ვალდებულნი(!) არიან სწამდეთ!.. ვალდებულნი არიან თავიანთი ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის წინაშე.
პარადოქსია!.. ადამიანი, ის, ვისშიც მარადისობაა ჩაღვრილი და განაწილებული, შებოჭილია და ემორჩილება წლებს… მარადისობისგან “გამოჩეკილი” არსება ემონება დროს, დროით და გარემოებებით ფორმირებულ და განმტკიცებულ ტრადიციას… ტრადიციას, რომელსაც ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა (ნაწილმა, რომელიც ასევე უგრძნობია უსაზღვრო სამყაროსადმი, თუმცა მეტად მგრძნობიარეა იმ საზღვრულობისადმი, რომელიც ხელშესახებია მხოლოდ აქ და მხოლოდ ეხლა) მისთვის სასარგებლო მიმართულება მისცა… მიმართულება, რომელიც მის მატერიალურ კეთილდღეობაზე იზრუნებდა… მიმართულება, რომელიც მას მწყემსის, ხოლო კაცობრიობის უდიდეს ნაწილს ცხვრის ფარას როლს არგუნებდა.
ეს ადამიანები იმდენად პატივმოყვარენი არიან და იმავდროულად იმდენად ძლიერ არიან სოციუმის საერთო ვექტორზე ორიენტირებულნი და მასზე დამოკიდებულნი, რომ ალბათ ვერასდროს შეძლებენ შეყვირონ მას: ვისი, ან რისი გწამთ ხალხნო?! ხედავთ რამეს?! გესმით რამის?! იქნებ დამანახოთ, იქნებ მომასმენინოთ მეც!.. მეც, ვინც ყველა წესს დავიცავდი, ყველა ცოდვას გვერდს ავუვლიდი… მეც, ვინც ბიბლიას გულის ჯიბით დავატარებდი, წინაპრების რწმენას ჩემში ვაცხოვრებდი!.. თქვენ იცით რა არის რწმენა?! იცით ვინ არის და სად არის ღმერთი?! თუ თქვენც ჩემსავით ტრადიციის დარაჯები ხართ?!
დიახ! – ასეთი ადამიანები არიან… ბევრნი არიან.

ვასო შონია

იტვირთბა....