საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.
„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებისკენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.