„უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში უახლოეს თვეებში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ,“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის განვითარებისათვის ბრძოლას იწყებს და უკრაინელებთან ერთად უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლას გეგმავს.
„ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ოდესაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია უკრაინის გადარჩენა, ფეხზე დაყენება. აქ, დაახლოებით, ის არის, რაც საქართველოში იყო 2001 წელს – რეფორმები შეჩერდა, გაიჭედა, კორუფციამ ისევ ყველაფერი მოიცვა და ხალხი იყო და არის უკმაყოფილო. ხალხს უნდა დარაზმვა და წინ წაყვანა. ხალხთან ერთად ჩვენ უნდა შევცვალოთ მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტა. მე ამაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე აქ მაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა. მთელ უკრაინაში ხალხმა დაინახა არა მხოლოდ საქართველოში რაც გავაკეთეთ, არამედ აქაც რისი გაკეთება შევძელით ურთულეს პირობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებას წინ ვერავინ დაუდგება. უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში უახლოეს თვეებში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.