2017 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებიასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით მოხდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად, საკონსულტაციო შესყიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება ყველა საერთაშორისო კომპანიას შეეძლება, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება ექნება. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დალუქული კონვერტებით მოხდება“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობის გამო ხდება.

