”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას ტელეკომპანია ”პირველთან” გამოეხმაურა:
”ვერ ვხედავ ვერანაირ ნაბიჯს მის მომავალ პოლიტიკურ კარიერაში, რომელიც შეიძლება, წარმატებულად ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც 2008 წელს მან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 25% დაკარგა. ასევე მას შემდეგ, რაც მას და მის პოლიტიკას ფარდა აეხადა.
ჩემთვის მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. იწერებდა იმის თაობაზე, რომ მის სავალ გზას გარკვეული საფრთხე ემუქრებოდა ოდესაში. თუმცა, მან მშვენივრად გამოიყენა თავისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩართულიყო თამაშში, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო და რომელსაც დირიჟორობდა ბიძინა ივანიშვილი. იმ თამაშში, რასაც ხალხის დაშინება და თავის საფრთხობელად წარმოჩენა ჰქვია.
მე ვამბობდი, რომ სააკაშვილი საქართველოში ნამდვილად ვერ ჩამოვიდოდა. ის თამაში, რომელიც საქართველოში ბოლო თვეების გამავლობაში მიდიოდა აწყობდა ივანიშვილსა და სააკაშვილს. ჩვენ მივიღეთ კიდეც შესაბამისი პარლამენტი.
სააკაშვილი მომავალში რას გააკეთებს დიდად არ მაინტერესებს. ერთადერთი ძალიან კარგად ვიცი, რომ ”ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს ის დანაპირები რომ შეესრულებინა, რომელიც მოგვცა 2012 წელს სამართლიანობასთან დაკავშირებით, დღეს ეს პრობლემა საერთოდ არ იქნებოდა. ან თუნდაც 2013 წელს მე რომ მოვსულიყავი პრეზიდენტის რანგში, დღეს სააკაშვილი ციხეში იჯდებოდა. მაგრამ დღეს ძალიან ბევრს აწყობს სააკაშვილის გამოყენება და ისიც ამ თამაშში აქტიურადაა ჩართული.
ბიძინა ივანიშვილის ფულების მოტრფიალეებო, ძალიან ნუ გაიხარებთ. რეალობა ის არის, რომ დღეს საქართველოში მეორე პოლიტიკური ძალა არის ”ნაციონალური მოძრაობა.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი და გიგა ბოკერია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ფაქტია, რომ პარტიაში განხეთქილებაა. მე რომ ამის თქმის საფუძველი არ მქონდეს, ამას არ ვიტყოდი. ეს ზუსტად ვიცი”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

