ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თავდაცვის მინისტრმა დღეს აღადგინა სახმედრო სავალდებულო სამსახური შეიარაღებულ ძალებში.
ყველაზე მთავარი:
- ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას — “უფრო ეკონომიურია” ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია;
- ფინანსური ციკლი კონტრაქტის ვადით ითვლება და 4 წლის პერსპექტივაში, მით უფრო თუ სრულ სამხედრო მომზადებაზე გადავიყვანთ წვევამდელებს, არ არის “უფრო ეკონომიური”, აი უფრო უშედეგო კი ნამდვილად არის.
- გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არა-თავსებადი პრობლემა აქვს ჩვენში:
— ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა;
— ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე;
— ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული, და შესაბამისად სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს;
— ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას დაგეგმოს მისი მომავალი;
— ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს / საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს;
— ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას, და შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს;
სინამდვილეში რა უნდა გაკეთდეს:
— “ტოტალური თავდაცვა” ახსენა დღეს მინისტრმა. ტოტალური თავდაცვა ასევე, ტოტალურად გაზრდილ თავდაცვის ბიუჯეტს ნიშნავს (შეგახსენებთ მინისტრმა იზორიამ მინისტრობა 5 მილიონიანი კლებით დაიწყო. ეს მისი სულ პირველი ნაბიჯი იყო);
— თუ ბიუჯეტს ვერ ზრდი, იმ თანხით რომლიც გაქვს პროფესიული ხიშტი უნდა გაამრავლო და ყველა სხვა ხარჯს უბრალოდ უნდა დაემშვიდობო;
— თუ გაწვევის აღდგენას გეგმავ, 12 ლარიდან 50 ლარამდე გაგიზრდით ანაზღაურებასო კი არ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გააცნო როგორ მოაგვარებთ მათ პრობლემებს.
ეს 2016 წლის საქართველოა:
>> ადამიანებს სამსახურის შოვნა უჭირთ და თუ პოულობენ მასთან განშორება სიკვდილის ტოლფასია — თქვენ აიძულებთ ახალგაზრდებს ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაემშვიდობონ 50 ლარად;
>> ახალგაზრდებს კრედიტები აქვთ, რომელსაც იმ ახლადნაშოვნი სამსახურით ფარავენ — თქვენ აიძულებთ მათ უპერსპექტივო ვალის, მუდმივად მზარდი პროცენტის, და დაკარგული სამსახურის პირისპირ დადგნენ;
>> სავალდებულო სამსახურისთვის თავის აცილების მიზნით, ახალგაზრდები არ ამთავრებენ სასწავლებლებს, გამოცდას იტოვებენ, კურსზე რჩებიან, — თქვენ ართმევთ მათ ნორმალური, ბუნებრივი განვითარების შესაძლებობას;
>> ჯარში სუიციდი, თვითკვლელობის მცდელობა მაღალია, და ის ექსკლუზიურად წვევამდელებშია მაღალი. ამას მიზეზი აქვს. თქვენ შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ ამ მიზეზებზე, არ დაინახოთ, არავის მოუსმინოთ. ჩვენ დანარჩენ საზოგადოებას იმედი მაქვს არა.
>> თქვენ ატყუებთ საზოგადოებას რომ 2-3 თვეში შესაძლებელია სრულყოფილი სამხედრო მომზადება, რომლის შედეგადაც ქვეყანა მიიღებს სრულფასოვან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი პასუხის შემძლე სამხედროს;
>> თქვენ ფლანგავთ ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს გაწვევის სისტემის შენარჩუნებით;
>> თქვენ უკლავთ დასაქმების პერსპექტივას იმ ახალგაზრდებს ვისაც ჯარში მსახური საკუთარი განვითარების, კარიერის, ქვეყნის სამსახურის მთავარ ამოცანად აქვთ დასახული;
>> თქვენ უბრალოდ მოატყუეთ საზოგადოება, ვინაიდან ჩემი გადადგომის პირველივე დღეს ზუსტად იცოდით რომ გაწვევას დააბრუნებდით, მაგრამ საარჩევნოდ შეგეშინდათ;
>> სამშენებლო კომპანია ტომრების ზიდვაში, დაცვაში დგომისთვის ხელფასს იხდის, სახელმწიფო არა!!! სახელი თავად დაარქვით!
>> დღეს 7 ნოემბერია, მოსახლეობაზე უპრეცედენტო ძალადობის მორიგი წლისთავი. ძალადობა მხოლოდ მასობრივი ცემით არ ხდება!
უფრო კონკრეტულად, დღეს ნათქვამზე:
- არ არის სწორი, აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჩემს ჯინაზე გააკეთაა. სამწუხაროდ ის და დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს, ასე სჯერათ და გულწრფელი არიან ამ გადაწვეტილებაში. სწორედ ეს არის პრობლემაც.
- სამი რამ გვითხრა მინისტრმა: კვირაობით სახლში გავუშვებთო, 50 ლარამდე გავზრდით ანაზღაურებასო და სრულ სამხედრო მომზადებას გაივლიანო.
ეს კი ნიშნავს, რომ
2.1. მსახურების ადგილსა — საცხოვრებელს შორის მანძილის შესაბამისად, 50 ლარი სავარაუდოდ გზის ფულადაც არ არის საკმარისი, თუკი ყოველ შაბათ-კვირას სახლში ივლიან ახალგაზრები;
2.2. საუბარი იმაზე რომ უფრო ეკონომიურია გაწვევა (ამაზე ცოტა მოგვიანებით), იქვე დასსრულდა, სრული სამხედრო მომზადება ნიშნავს რომ ხარჯებიც გაიზრდება;
2.3. თავისთავად გაწვევის არსებობა რომ უფრო ეკონომიურია ქვეყნისთვის, ხაზგასმით და ცალსახად მხოლოდ იმიტომ შეიძლება იძახონ, რომ ხელფასს არ უხდით ახალგაზრდებს შრომაში, რომელსაც სახელმწიფო იღებს მათგან“- წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს, – ამის შესახებ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.