ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციას საფინანსო კომპანია „საქართველოს“  მეანაბრეები მართავენ.  ისინი მმართველი პარტიისგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, უკვე 3 თვეა საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მენეჯმენტი უარს ამბობს მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

საუბარია იმ თანხებზე, რომელიც საფინანსო კომპანიაში მეანაბრეებმა სარგებლის მიღების მიზნით განათავსეს.

აქციის მონაწილეების თქმით ჯამში 3 ათასამდე მოქალაქეა დაზარალებული,  ხოლო ჯამური თანხა, რომელიც საფინანსო კომპანიას მართებს მეანაბრეების წინაშე, 30 მილიონ ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, ”ქართული ოცნების“  ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები, რომლებიც პოლიტსაბჭოს წევრები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმ თანამდებობებზე წარსადგენ პირთა საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.

იტვირთბა....