ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ: ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგებაზე

 

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოზე, რომელიც გუშინ საღამოს პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა და სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, 3-პუნქტიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შექმნება ჯგუფი, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს და არჩევნებს შეაფასებს. ასევე შეიქმნება მეორე ჯგუფი პარტიის ყრილობის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად. ამ ყრილობაზე გადაწყდება პარტიის ხელმძღვანელობის საკითხები.

მესამე საკითხი კი უკვე პარტიის მიერ მიღებულ საგანგებო განცხადებას ეხება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, მიუხედავად ამისა და ძალადობრივი გარემოსი, პარტიამ მაინც მოახერხა ნახევარ მილიონამდე ხმა მიიღო, რისთვისაც ენმ მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ პარტია ბრძოლას აგრძელებს.

“კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი.

ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ჩვენი მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ ჩვენი მიზანია იმ ზომის მხარდაჭერის კონსოლიდირება, რომ ივანიშვილი აკრძალულმა მეთოდებმაც ვერ გადაარჩინოს მომავალ საარჩევნო მარცხს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ამ რწმენის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოეპოვებინა. მაგრამ მომავალი გამარჯვების მთავარი საყრდენი, ბუნებრივია, ის ნახევარი მილიონი პრინციპული მოქალაქეა, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა”.- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იტვირთბა....