“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით საყვარელიძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს ეხმაურება. საყვარელიძის თქმით, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია რეალურად დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს.
“ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის, მიხვდეს, რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რის წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც… ყველა პარტიის თამჯდომარის თავი მიჰგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება. ისევე როგორც ენმ-ის ნაგლეჯს…
არ მგონია, ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინასაარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუსზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებისმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორედ და არა პირველ ტურში.
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სამწუხაროდ არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის ადამიანი და პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. პირიქით, მას აწყობს გარკვეულ ზღვარს ქვეშ მუდმივად მოყოლილი ოპოზიცია.
ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ვინც ყველა პოლიტიური პატიმრის და მეგობრის, ლიდერის უსწრაფესად გათავისუფლებას ვემხრობი!!! თუმცა არც ის მგონია, რომ ივანიშვილი ბრიყვი ან გულუბრყვილოა…
ვეთანხმები ჩემი მეგობრის, გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს სადაც პარტიის ჩაკეტვაზე და ციხე-სიმაგრედ ქცევაზეა საუბარი. უბრალოდ შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი, ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლაცია გამოწვეული? ვისგან შედგება სახელობითად ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა? ასევე, კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა? არ მგონია ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა…
მეტს ვერაფერს დავამატებ. მე 5-ჯერ შემომითვალეს იმ “ბრძენი კაცი”-სგან მახსოვს… ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო… არ ვნანობ. ”