ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ს შენობიდან, გამოკითხვიდან გამოვიდა. გამოკითხვა ეხებოდა მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის გამართული შეხვედრის ამსახველი მასალის უკანონო მოპოვებას.
„იყო შეკითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც. სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა იმდენად, რამდენადაც გამოძიება ეხება ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას და არ უნდა იყოს ეს გამოძიებისთვის საინტერესო. მიუხედავად ამისა, მე დავაკონკრეტე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბატონ ახვლედიანს. მასთან საუბრის ნაწილიც კი არ არის. სხვა ადმაიანს ვესაუბრები აქ და შემხებლობაში ახვლედიანთან ეს საკითხი არ არის. საუბარი, რომელიც განთავსებულია ინტერნეთში არის ჩემი ჩაწერილი, მე ვარ ნამდვილად, ჩემი ხმაა, მაგრამ ეს საუბარი მათ შორის დამონტაჯებულია ისე, რომ ჩრდილი მიადგეს ბატონ მამუკა ახვლედიანს. ამ საუბარში არავითარი ქრთამის შეთავაზება არ არის ბატონი ახვლედიანის მიმართულებით. მითუმეტეს 6 მილიონის შეთავაზება. ან რატომ უნდა შემეთავაზებინა“ – განაცხადა გვარამიამ.
როგორც ტელეკომპანიის დირექტორი ამბობს, მას გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან მისი თქმით, ეს ყველაფერი ამ შენობიდან იმართება.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.