2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს წინაშე Microsoft–ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი 10 საქმიდან 7 დასრულდა. ზიანის სახით ანაზღაურებულმა თანხამ 239 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
როგორც Microsoft-ის საქართველოს დირექტორმა ნიკოლოზ დობორიჯგინიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, 7 კომპანია ჯამში 100 000 დოლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც მათ პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზებისთვის დამატებით 100 000 დოლარის გადახდა მოუწიათ. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მაიკროსოფტის მთავარი ოფისი იღებს. კომპანიების მონიტორინგს კი დაქირავებული იურისტები აწარმოებენ.
ამჟამად საქართველოს სასამართლოები განიხილავენ Microsoft–ის საავტორო უფლებების დარღვევის სამ შემთხვევას. საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ამგვარი შედეგები იურიდიული ფირმის – Business Legal Bureau–ის დამსახურებაა, რომელიც Microsoft Corp.-ის ინტერესებს წარმოადგენს და საქართველოში მის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს იცავს.
BSA–ის ბოლოდროინდელი პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური კვლევის/პროგრამული უზრუნველყოფის ალიანი (latest Global Software Survey of BSA | The Software Alliance) მიხედვით, 2015 წლის მანძილზე საქართველოში პროგრამულ უზრუნველყოფათა 84% არალიცენზირებული გახლდათ. აღნიშნულის კომერციულმა ღირებულებამ 24 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
წყარო: businesscontract.ge