ახალი ამბები

“ქორწინებით კონსტიტუციით განსაზღვრა შეზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს”

 

“გირჩი” ხელისუფლებას და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ღია წერილით მიმართავს, რომ ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ადამიანების ერთად ცხოვრება მხოლოდ მათი გადაწყვეტილებაა და სახელმწიფო არ შეუძლია განსაზღვროს რა არის ოჯახი.

“მეტრონომი” ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ქართულ ოცნებას შემდეგი 4 წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტში ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

როგორც ახალ არჩეულ დეპუტატთა ნაწილმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი რის გადასაწყვეტადაც ისინი გამოიყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას არის ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება ქორწინების განმარტება, როგორც ქალის და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირის – ოჯახის შექმნის მიზნით.

საზოგადოებისთვის ცნობილია გირჩის პოზიცია ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ერთად ცხოვრების შედეგად დაგროვილი ქონება და შვილების წინაშე პასუხისმგებლობის ზომა თავად ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევაში გააზრებული შეთანხმებით. ოჯახი საზოგადოების პირველადი და ბუნებრივი ერთეულია სახელმწიფოსთან შედარებით. ამიტომ, სახელმწიფოს არ შეუძლია დაადგინოს რა არის ოჯახი.

არასწორი და მოქმედი კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის პირდაპირ საწინააღმდეგოა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანების კავშირს არქმევს ოჯახს და ერთნაირი პირობებით ათანხმებს თანაცხოვრების წესებზე და განქორწინების შემდგომ ვალდებულებებზე.

კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ და ეს ეფექტი განაპირობებს იმასაც, რომ მომავალში კანონმდებელს აეკრძალება მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის, გარკვეული უფლების მინიჭება, მაშინაც კი თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ამ რეალობამდე.

ასეთი ცვლილებით ქართველი ერი მისი ნების გამომხატველი ქართული ოცნების მეშვეობით დააფუძნებს ახალ ქვეყანას, ახალი კონსტიტუციით. ახალი კონსტიტუციით ის იტყვის რის უფლებას აძლევს თავს როგორც კოლექტივი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან მიმართებაში.

ხალხის ნება შესაძლოა იყოს ემოციაზე დაფუძნებული, მ.შ. ისეთი რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა თავადაც მცდარად მიიჩნევს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში, ყველა ადამიანს,მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ექნება თანაბარი უფლებები. არავინ იცის როდის და რა პროცესების შედეგად დადგება ასეთი დრო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ნებისმიერი ასეთი პროცესის დასაჩქარებლად.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ყოველმხრივ არიდებენ თავს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ყველა ხერხს იყენებენ იმისათვის, რომ მათი პოზიცია იყოს მაქსიმალურად ბუნდოვანი და ორაზროვანი, რაც აძლევს დამატებით სტიმულს ხელისუფლებას, მსგავსი მავნებლური და პოპულისტური ცვლილების განსახორციელებლად.

ამ მიმართვის ადრესატია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუციური ნების აღმსრულებელი ქართული ოცნება, ზომით მეორე პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატიის როგორც იდეის დიაგნოზი – პატრიოტთა ალიანსი და ყველა ვინც აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკურ პარტიობაზე ან პოლიტიკოსობაზე”.-წერია მიმართვაში.

იტვირთბა....