ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

გურჯაანში „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი მამაკაცი დაიღუპა

„ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში დღეს 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა,- ინფორმაციას ამის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ექიმებმა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. ის საავადმყოფში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. სამედიცინო ცენტრში მოთავსებიდან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ავადმყოფი კონტაქტური იყო.

„საავადმყოფოში შეყვანის დროს პაციენტს ისტორია გაუხსნეს, რომელზეც ხელი თავად მოაწერა. საუბრობდა და სრულ გონებაზე იყო. გულთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა. ექიმებმა გვითხრეს, რომ ანალიზების გაკეთება იყო საჭირო, მანამდე კი გადასხმებს გავუკეთებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო. რამდენიმე წუთის შემდეგ საავადმყოფოდან გამოვედით თუ არა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ პაციენტი გარადაიცვალა. დაახლოებით საათნახევარი იმყოფებოდა საავადმყოფოში“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ნათესავმა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი 07:43 წუთზე გამოიძახეს. ეკიპაჟი ადგილზე 9 წუთში მივიდა. პაციენტს გულმკერდის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

„ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ალექსი ტ–შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გულთან დაკავშირებული პრობლემებით უკვე მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

59 წლის ქეთევან ჩირიკაშვილი „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში 26 ოქტომბერს დაიღუპა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ სიკვდილი გულის შეტევამ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ცხედარი სახლში გადაასვენეს, გარდაცვლილის შვილმა აღმოაჩინა, რომ დედამისს თავი გატეხილი ჰქონდა და 12 ნაკერი ედო. ექიმებს ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებისთვის მანამდე არაფერი უთქვამთ. ცხედარს სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილებზეც აღენიშნება. ოჯახის წევრები ქეთევან ჩირიკაშვილის გარდაცვალებას ექიმების უყურადღებობასა და დაუდევრობას უკავშირებენ. გურჯაანის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. ქეთევან ჩირიკაშვილის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

წყარო: „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

იტვირთბა....