დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში, მათ საქართველოს 84 მოქალაქე დააკავეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოსური მხარის მიერ საქართველოს 6 მოქალაქეა დაკავებული.
“ფაქტრ-მეტრმა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებისგან განსხვავდება.
სუსიც ცნობით, 2016 წლის იანვრიდან 17 ოქტომბრამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე 116 პირია დაკავებული.
ადამიანების დაკავებები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახშირდა. 2008 წლის ბოლომდე 5 პირის დაკავება დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი, 2008 წლიდან დღემდე ძირითადად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 965 მოქალაქე აღმოჩნდა.
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორს ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ტოვებენ. ხშირ შემთხვევებში თანხას ნაცნობების ჩარევის შემდეგ დაკავებულთა ახლობლები ვლადიკავკაზში გზავნიან და სწორედ აქედან მიდის ე.წ. ჯარიმის თანხა ცხინვალის რეჟიმამდე, რის შედეგადაც დაკავებული უკვე ქართულ მხარეს გადმოეცემა.
სხვადასხვა შემთხვევებში, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმა 2 000-დან 4 000 რუსულ რუბლამდე განისაზღვრება (80-160 ლარი). დაკავებულის ოჯახის მხრიდან მინიმალური ჯარიმის გადახდის შემთხვევაში წლების მიხედვით ცხინვალის ე.წ. ბიუჯეტში ქართული მხრიდან შესული თანხების ოდენობა დაკავებულთა ზემოაღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით ასე გამოიყურება.
2008 წელს – 400 ლარი; 2009 – 6 249 ლარი; 2010 – 5 840 ლარი; 2011- 10 720 ლარი; 2012 – 8 640 ლარი; 2013 – 11 360 ლარი; 2014 -11 360 ლარი; 2015 – 1 340 ლარი; 2016 – 9 280 ლარი.
სულ, 2008 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე – მინიმუმ 65 189 ლარი.
საოკუპაციო ხაზთან ადამიანების დაკავების შემთხვევები ძირითადად იმ ადგილებში ხდება, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და მავთულხლართები არ ჩანს. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გადაიყვანეს.
წყარო: “ფაქტ-მეტრი”