აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„კარგი ძალები წავიდნენ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ძალები ადგილზე არიან“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ლევან ბერძენიშვილთან

ქართულ პოლიტიკაში “დიდი დეპრესია” გრძელდება. დავით უსუფაშვილის შემდეგ”რესპუბლიკური პარტია” ვახტანგ ხმალაძემ, პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმაც დატოვეს. “მეტრონომი” მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის პერსპექტივაზე, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

“მეტრონომი”: ცოტა ხნის წინ ვახტან ხმალაძე განაცხადა, რომ პარტია დატოვა. ხმალაძეც პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობს. შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდება “რესპუბლიკურ პარტიაში”?

ლევან ბერძენიშვილი:  ვახტან ხმალაძის განცხადება ნამდვილად შემოვიდა სამდივნოში. ის პარტიიდან მიდის. მეტის თქმა მე არ შემიძლია, რადგან დანარჩენი მან იცის ახლა. ჩვენ ვერ მივცემთ განმარტებას. ეს პროცესი მიდინარეობს და რამდენიმე კაცი კიდევ დატოვებს პარტიას, თუმცა პარტიაში რჩებიან ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას.

– პაატა ზაქარაიშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ გადამეტებულად ვაკრიტიკებდით იმ კოალიციას, რომლის წევრებიც ჩვენ ვიყავითო. რას უპასუხებდით ყოფილ თანაგუნდელს?

– მის განცხადებებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. პაატა ზაქარეიშვილი გაცილებით ადრე წავიდა. მე სატელევიზიო დებატებში თანაპარტიელებთან ვერ შევალ. მისი აზრი ჩემთვის ცნობილია. ჩვენ სხვა აზრი გვაქვს და ეს გასაგებია.

– ფრიდონ საყვარელიძის გუშინდელ განცხადებაზეც მინდა კომენტარი გააკეთოთ. პარტიის დატოვების გამო აღარ მეგობრობთ საყვარელიძესთან სოციალურ ქსელში?

– ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. მე ვისაც მინდა იმას დავტოვებ მეგობრებში, რადგან მეგობრობა არჩევანია და მგონი თქვენ ვერ მიკარნახებთ ვინ უნდა იყოს და ვინ არ უნდა იყოს ჩემი მეგობარი.

– ცხადია…

– ასე რომ, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც აბსოლუტურად არ იმსახურებდა საჯარო ინტერესს. ფრიდონ საყვარელიძე ჩემი მეგობარი არ არის და მეგობრებში არ უნდა მყავდეს.

– თქვენს მხარდამჭერებს ყველაზე მეტად თქვენი გეგმები აინტერესებთ. იმ ფონზე როცა პარტიას ლიდერები ტოვებენ, რა პერსეპექტივა აქვს ყველაზე ძველ პარტიას საქართველოში?

– პარტია ამაზე თავის ეროვნულ კომიტეტზე იმსჯელებს. გვექნება ყრილობა და ჩვენი გეგემების შესახებ მოსახლეობას შევატყობინებთ. ჩვენ ამ წუთას რა მდგომარეობა გვაქვს ვიცით. ჩვენ მივიღეთ 1.55%, პერსპექტივაში გვინდა რომ გაცილებით მეტი მივიღოთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პარტიის განახლება. განახლება არის მტკივნეული პროცესი. ყველა ყველაფრის თანახმა არ არის, მაგრამ განახლდება პარტია და ის აუცილებლად იქნება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

– თინა ხიდაშელი თუ აპირებს პარტიის დატოვებას?

– ქალბატონმა თინა ხიდაშელმაც დატოვა “რესპუბლიკური პარტია”. როგორც მე ვიცი მას სათანადო განცხადება დაწერილი აქვს.

– თქვენ მე-9 მოწვევის პარლამენტი ჩრდილოეთ კორეას შეადარეთ. ამ განცხადებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ახლაც სრულად იზიარებთ ამ განცხადების პათოსს?

– რატომ უნდა შემეცვალა აზრი ერთ დღეში? იმიტომ რომ ეს განცხადება გია ვოლსკის არ მოეწონა?

– ქართული რეალობის ჩრდილოეთ კორეასთან შედარება რამდენად რელევანტურია?

– იმასაც ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს და საქართველოსაც. საბჭოთა კავშირშიც ერთპარტიული პარლამენტი იყო. ამიტომ შევადარე. ვინ წამართვა ამ შედარების უფლება? არ არის ერთპარტიული? არ წყვეტს ყველაფერს ერთი პარტია? საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხედ მიმაჩნია და ვადარებ იმ ქვეყნებს, სადაც ეს საფრთხე არსებობდა. მათ მომიყვანონ კარგი ქვეყნები, სადაც ყველაფერი კარგადაა და ერთპარტიული სისტემაა. ჩრდილოეთ კორეა და კუბა, სხვა მე თავში არაფერი მომდის.

– თქვენ პარტიასთან იდეოლოგიურად დაახლოებულ „თავისუფალ დემოკრატებში“ იგივე პროცესი მიმდინარეობს. ფიქრობთ თუ არა მათთან თანამშრომლობაზე?

– არ გეთანხმებით. იგივე პროცესი არ მიმდინარეობს. ჩვენ “თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობა ყოველთვის გვქონდა და ამას მომავალში გავაგრძელებთ. ამ ორ პარტიაში ერთი ტიპის პროცესები არ მიმდინარეობს. იქაც დარჩა ერთი-ორი ლიდერი, მათ შორის შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე. ჩვენთან გაცილებით მეტი ლიდერი დარჩა. ჩვენ გვყავს პარტიის თავმჯდომარე, ექვსი მდივანი გვყავს ადგილზე. “რესპუბლიკური პარტიიდან” სერიოზული, კარგი ძალები წავიდნენ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ძალები ადგილზე არიან. მათ შორის არიან თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....