დავით უსუფაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს:
“მივიღე ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ. პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც მე არ ვიზიარებ, მაგრამ რომელთა რეალიზებასაც მე ხელს არ შევუშლი. ამ ხედვებს არ ვიზიარებ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ამ გზით კიდევ უფრო შესუსტდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. პარტიის მიერ მათ რეალიზებას კი ხელს არ შევუშლი იმიტომ, რომ პატივს ვცემ პარტიის დამფუძნებლების სრულიად გამორჩეულ ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში და ვაღიარებ მათი ხედვების პრიმატს რესპუბლიკური პარტიის მომავლის განსაზღვრაში.
მე ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით – მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის.
ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება. ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფომდე და კეთილდღეობამდე ვერ მიგვიყვანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული კონგლომერატები, ვერც ერთად ჩადენილი პოლიტიკური ცოდვების გამო კონსოლიდირებული ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები შესაბამისი მომცრო ელექტორატით.
2020-ის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიულობის აუცილებლობა და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ფეხზე მყარად ის, რაც მართლაც ერთადერთი და შეუცვლელია – ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს სათანადოდ უპატრონებს.“, – აცხადებს უსუფაშვილი.
პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ამის შესახებ პრესკონფერენცია პარლამენტის შენობაში გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, თინა ხიდაშელი დარჩება თუ არა პარტიაში, ჯერ არ იცის:
“ვიცი, რომ არ აპირებს ჩემს დატოვებას, რას იზამს, პარტიაში, არ ვიცი“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის” წევრებმა დავით უსუფაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყვეს. აროგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების გაჟღერება ორშაბათს იგეგმებოდა, თუმცა ინფორმაციის გაჟონვამ მოვლენების განვითარება დააჩქარა.
”განსაკუთრებით ვწუხვარ, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრები, მედიის საშუალებით შეიტყობენ ამას, არადა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად სხვა ტიპის პროცესები გვქონდა დაგეგმილი”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებსა და განსაკუთრებით დავით ბერძენიშვილს, რომელმაც, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „პოლიტიკურად გაზარდა“.
”მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც 5 წელზე მეტია ვარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ამ პარტიაში ავიდგი ფეხი. მე პოლიტიკოსად მაქცია დავით ბერძენიშვილმა პერსონალურად და მას ვუხდი განსაკუთრებით მადლობას. მე დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე სხვადასხვა ფლანგიდან, მაგრამ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ყველა ”რესპუბლიკელს” მადლობას მოვახსენებ და მჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს, ჩვენ ყველანი ღირსეულად გავუმკლავდებით, სათანადო პატივისცემით ერთმანეთისა და ჩვენს მიერ ერთად ნაკეთები საქმის მიმართ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.