”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ
მთაწმინდის რაიონში 8000-ზე მეტი ისეთი ადამიანია საარჩევნო სიებში დამატებული, რომლებიც არც ერთ მისამართზე არ ცხოვრობენ:
”პირველი ტურის ჩატარების შემდეგ ძალიან სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ყველა ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარ კანდიდატს მიუმატა ხმები. შევისწავლეთ ყველა ის მეთოდი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მეორე ტურში მათი გამოყენების უფლება არ მივცეთ. ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8000-მდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. მათ შორის არიან ადამიანები რომლებიც არც ერთ მისამართზე არ არის, ან მიწერილია ორგანიზაციებზე, მაგრამ რეალურად იქ არ ცხოვრობენ, ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები.
2016 წელს სიაში დაამატეს ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან 10 -15 წელია, ადამიანები, რომლებიც უკვე ორი წელია გარდაცვლილები არიან, ვინც ოდესღაც ცხოვრობდა აქ მაგრამ ახლა აღარ ცხოვრობს და სრულიად დაუდგენელი პირები, რომლებიც ასევე დაამატეს 2016 წელს საარჩევნო სიას”, – განაცხადა ნიკა რურუამ.
მისი განცხადებით, სიაში დამატებული ადამიანების რაოდენობა, ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ იყო გამოყენებული.
ნიკა რურუა მოუწოდებს ამ ადამიანებს, რომ მსგავს თაღლითობაში არ მიიღონ მონაწილეობა.
”ეს ცხადია არის გაყალბება, მეორე ტურში ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ვინც არ არის ნამდვილი ამომრჩეველი და მონაწილეობას იღებს ამ საარჩევნო თაღლითობაში, ჩადის დანაშაულს, ამიტომ მოვუწოდებ მათ ყველას, რომ არ გახდნენ იარაღი კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელში, იმისთვის, რომ მოპარონ ჩვენს ადამიანებს ხმები”, – განაცხადა ნიკა რურუამ.