ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქმიანობის სფერო შეიცვალა და პოლიტიკაში, კერძოდ კი, პაატა ბურჭულაძის პარტიაში გადაინაცვლა, კვლავ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. ამის შესახებ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ, ამ ეტაპზე დავუბრუნდი რადიო „პალიტრას“, რამეთუ სახლში ჯდომა საზიანო იყო ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის. (ეს არ ნიშნავს, რომ სხვა რაღაცეებსაც არ გავაკეთებ. პოლიტიკას არ ვგულისხმობ ამ ეტაპზე) აწი, ყველა სამუშაო დღეს, 18:30-ზე მისმინეთ fm 103.9-ზე. რატომ რადიოში? იმიტომ რომ ვგიჟდები რადიოზე. გადაცემა იქნება მშვიდი და ანალიტიკური ხასიათის, ყოველგვარი დებატების და წივილ-კივილის გარეშე. მეყოლება მხოლოდ ერთი სტუმარი, რომელთანაც თემას (ან თემებს) საფუძვლიანად მიმოვიხილავთ.“ – წერს მერაბ მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ მეტრეველმა ბურჭულაძის პარტიის წევრობაზე მას შემდეგ თქვა უარი, როცა გაირკვა, რომ პარტია ბლოკად იქმნებოდა და მასში „გირჩი“ და გიორგი ვაშაძის პარტია უნდა გაერთიანებულიყვნენ.