ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დამცინავი განცხადებები“: სანდრა რულოვსს მისი პოლიტიკური მაჟორიტარი ოპონენტი პასუხობს

 

„ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია სანდრა რულოვსის განცხადებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ოპონენტის მიერ გამარჯვებაზე საუბარი მინიმუმ უტაქტობაა და ეს რეალური რეიტინგის მიჩქმალვის მცდელობაა:

„ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ზუგდიდელებო,

მადლობას ვუხდი იმ ათასობით ამომრჩეველს, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში დამიჭირა მხარი. მადლობა იმ ამომრჩევლებსაც, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მიუხედავად თუ ვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, პოლიტიკურ ოპონენტებთან ვპაექრობდით იმ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეებით, რომელიც თითოეული ზუგდიდელის კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. ამ პირობებში, ჩვენ არა ერთი დამაკნინებელი და დამცინავი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ განცხადებების მიზანი ზუგდიდში და სამეგრელოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გახდათ, არ ჩავრეულვართ პოლემიკაში.

უფრო მეტიც, მოკლე პოლიტიკური მეხსიერების ადამიანების საერთოდ ამოეშალათ გონებიდან ის არაადამიანური ქმედებები, რომელმაც ყოფილი მმართველი პარტია დააზიანა პოლიტიკურად და განუკურნებელი ზიანი და ტკივილი მიაყენა ჩემს თანამოქალაქეებს. მაგრამ არც ეს თემები წამომიწევია წინ ჩემი წინასაარჩევნო კამპანიისას, რადგან მე მქონდა კონკრეტული საქმეები, რაც განვლილ პერიოდში გავაკეთე ჩემს გუნდთან ერთად ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის.

ჩვენთვის ცნობილია, ყველა იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული ლიდერების მიერ ხორცილდებოდა. რის ერთადერთ მიზანსაც წარმოადგენდა მათ მიერ დადგმულ „სპექტაკლებში“ „ქართული ოცნების“ დადანაშაულება, თუმცა მათი ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში ჩემმა ოპონენტმა გაიმარჯვა არის მინიმუმ უტაქტობა და ამომრჩევლებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის რეალური რეიტინგის მიჩქმალვის მცდელობა. ამ თემას მიმდინარე ეტაპზე შეგნებულად არ განვავრცობ.“ – ნათქვამია ედიშერ თოლორაიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, სანდრა რულოვსმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

იტვირთბა....