ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დარბეულ უბნებში განმეორებითი არჩევნები ხვალ გაიმართება

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება. საქმე ეხება ზუგდიდის და მარნეულის რამდენიმე უბანს. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულში ერთ, ზუგდიდში კი სამ უბანში გაიმართება.

პროცესი მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის ტარდება. პროცედურებთან დაკავშირებული განმარტებები დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გააჟღერა.

საარჩევნო უბნები კანონის მიხედვით, დილის 8 საათზე გაიხსნება. სოფელ განმუხურსა და ზუგდიდში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები უპირისპირდებიან. ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსი და „ქართული ოცნებიდან“ ედიშერ თოლორაია იღებენ. რაც შეეხება მარნეულს, ერთმანეთს აჰმედ იმმაყულიევი და თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდებიან.

„განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ოთხ საარჩევნო უბანზე. ზუგდიდში ორ სოფელში ტარდება არჩევნები, ერთი არის განმუხურის სოფელი, სადაც არის ერთ საარჩევნო უბანი, ხოლო ორი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ჯიხაშკარში. რაც შეეხება მარნეულს, იქ ერთი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ყიზილაჯლოში, ეს არის 48-ე საარჩევნო უბანი, სადაც ის ცნობილი პროცესები განვითარდა,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ასევე, გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქაც ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

იტვირთბა....