“ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკო-ს საკრებულოს ადგილობრივი და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოში წარდგენილი პარტიული სიიდან 6 პირის ამოღების თხოვნით მიმართა.
“ნაციონალური მოძრაობის” სიიდან მოხსნილია: №9 ქეთი ქოჩორაშვილი, № 10 გიორგი ჩაჩანიძე,№11 ალექსი თაბუაშვილი, № 12 ნიკოლოზ ბაჩილავა, № 13 თორნიკე ხუციშვილი და №14 ნინო ბაბუნიძე.
№9, № 10, №11, № 12, № 13 და №14 ამოღების შემდეგ, სავარაუდოდ დედაქალაქის საკრებულოში “ნაცმოძრაობის” სიით №15 დავით ავალიანი შევა.
შეგახსენებთ, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ქეთი ქოჩორაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, რომ ნიკა მელიამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით პარტიიდან გარიცხა. ქოჩორაშვილის მტკიცებით, მელიამ მას მოსთხოვა საკრებულოში ადგილი დავით ავალიანისთვის დაეთმო, რადგან მის მიმართ სამართლებრივი დევნა ხორციელდება და დეპუტატის მანდატი ავალიანისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ვინ არის დავით ავალიანი?
ის “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარეა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს, თბილისის მერიამ დააფუძნა „თბილისის განვითარების ფონდი“. თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ – გიორგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, ,,თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.
გამოძიების მტკიცებით, 2011 წლის ნოემბერში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ქ.თბილისის მერის – გიორგი უგულავას დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში” ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა ,,თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებს – უბნის უფროსებს და მიკრო კოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან – 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 13 852 497 ლარი.
მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან – ოქტომბრის ჩათვლით, გიორგი უგულავას დავალებით, პარტიული აქტივისათვის დასარიგებელი სახელფასო თანხა ,,თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან, საბანკო ჩეკების გამოყენებით, გამოჰქონდათ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 34 328 463 ლარი.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე დანაშაულის ჩადენის გამო ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემდეგი წევრები: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და ამ უკანასკნელის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე. ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
2013 წელს აღიარებითი ჩვენების მიცემის შემდეგ, სასამართლომ დავით ავალიანი გირაოთი გამოუშვა.
“2011 წელს, მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსი თაბუაშვილმა, მე და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს გადმოგვცა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათები, რომლებიც დამზადებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის კოორდინატორების სახელზე. ალექსი თაბუაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ბარათებზე ირიცხებოდა სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები და შესაბამისად, ბარათების არსებობის ფაქტი უცნობი უნდა ყოფილიყო იმ პირებისათვის, რომელთა სახელზეც ბარათები დამზადდა. თაბუაშვილის მითითების თანახმად, ბარათებზე დარიცხული თანხა მე ან ჩემს მოადგილეს გამოჰქონდა და იფარებოდა, როგორც ხელფასები, ისე სხვა პარტიული ხარჯები. 2012 წელს ბარათებზე თანხის დარიცხვა შეწყდა და თაბუაშვილი ხელზე ყოველთვიურად გვაძლევდა, როგორც სახელფასო, ისე სხვა ხარჯების დასაფარად საჭირო თანხებს, დაახლოებით 600 000 ლარს, რაც მიზნობრივად ხმარდებოდა 2012 საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარე პარტიულ დაფინანსებას. სრულად ვაღიარებ და ვინანიებ ჩემს დანაშაულს“. – წერია ავალიანის აღიარებით ჩვენებაში.