ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ძველბიჭური“ ზეწოლები „ნაცმოძრაობაში“: რატომ გააგდეს გუნდის წევრი პარტიიდან, ის „მეტრონომთან“ დეტალებს ყვება

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის ქეთი ქოჩორაშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე.

“მეტრონომთან” საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ნიკა მელიამ მას დათო ავალიანის სასარგებლოდ საკრებულოს დეპუტატობაზე უარის თქმა მოსთხოვა, რადგან მელიას თქმით, ავალიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ხორციელდება და მას დეპუტატის იმუნიტეტი დაიცავდა.

“გუშინ მომთხოვა პარტია დამეტოვებინა. საკმაოდ მიუღებელი ტონით მელაპარაკებოდა, ისე როგორც 90-იან წლებში მილიციელები ელაპარაკებოდნენ ადამიანებს. მელია  თავისი ძველბიჭური მეთოდებით, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ დათო ავალიანს, რომელსაც პროკურატურასთან პრობლემები აქვს, დეპუტატის მანდატი უფრო სჭირდებოდა. ამის გამო უარი უნდა მეთქვა საკრებულოში შესვლაზე. ამაზე კატეგორიულად ვუთხარი არა, რადგან მე ჩემი გეგმები მქონდა. აღსანიშნავია, რომ საკრებულოში მე მიწევდა შესვლა, რადგან ირაკლი აბესაძე პარლამენტში შედის და ირაკლის შემდეგ სიაში მე ვიყავი. ადრე მსგავსი საუბარი ნიკა მელიასთან არ მქონია. ამ კონკრეტულ დროს მელიამ საკუთარ თავზე ბევრი აიღო. მე ყველაფერს ვუკავშირებ გუნდის შიგნით მიმდინარე განხეთქილებებს, რომლებიც ფარულად მიმალულ-მიჩქმალულია, თითქოს რაღაც დემოკრატიული პროცესია. სინამდვილეში, ჩანს, რომ პარტიაში განხეთქილებაა და იქ ყველაფერი რიგზე არ არის. ამიტომ ნიკამ თავის თავზე აიღო. არ ვიცი რატომ ჩათვალა, რომ ამხელა პასუხისმგებლობას გაუმკლავდება. მას შემდეგ რაც ჩემგან უარი მიიღო, მითხრა, რომ უკვე თვითონ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ მელიამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გამრიცხა პარტიიდან. ნიკა მელია ბოლო დროს გუნდში განხეთქილებებს არ ერიდება. ის ჩემთან პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიოდა. მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა ჩემთან დარეკვა, შემოთვლა, გარჩევა. ბოლოს ვუთხარი, რომ ასე ძველბიჭურ სტილში მასთან ლაპარაკი აღარ შემეძლო და პრესით ვიკონტაქტებდი მასთან.” – აცხადებს ქოჩორაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრი, გუნდში არსებულ დაძაბულობაზეც საუბრობს და ამბობს,რომ თუ ვინმე განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, მის წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებენ.

“როდესაც ვინმე განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს, მის წინააღმდეგ ერთგვარი მანქანა ირთვება. კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩემი შემთხვევა ნიკა მელიამ თავის თავზე აიღო. მე ჩემს პოზიციებს ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი და სავარაუდოდ, გუნდში სწორედ ამან გამოიწვია გაღიზიანება.” – ამბობს ქეთი ქოჩოშვილი.

მისივე თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული რა სახით გააგრძელებს ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობას.

იტვირთბა....