„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, საუბნო კომისიის წარმომადგენლები ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.
აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ორი დღის განმავლობაში გადაღებული ვიდეომასალა წარმოუდგინა, რომლითაც, მისი თქმით, მმართველი პარტიის ოფისში 6 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების ყოფნა დასტურდება.
„საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს უფლება, რომ ჩართული იყოს საარჩევნო აგიტაციაში. საარჩევნო პროცესი გრძელდება, იმიტომ რომ წინ გვაქვს მეორე ტური. საარჩევნო აგიტაციის დროს, კომისიის ნებისმიერ წევრს და მითუმეტეს თავმჯდომარეს და მოადგილეს, არაფერი არ ესაქმება რომელიმე პარტიის ოფისში და ეს არის სრული კანონდარღვევა. ყველასთვის გასაგებია, თუ რისთვის იმყოფებოდნენ, მაგრამ მე კონკრეტულად მათგან მაინტერესებს პასუხი, თუ რას აკეთებდნენ გუშინ საარჩევნო სუბიექტის ოფისში.“ – აცხადებს ვარშალომიძე.